თამარ იოსელიანი – ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო კავშირების უსაფრთხოება, ეფექტიანობა, საიმედოობა და პროგნოზირებადობა

თამარ იოსელიანი – ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო კავშირების უსაფრთხოება, ეფექტიანობა, საიმედოობა და პროგნოზირებადობა

2032 წლისთვის საქართველო გეგმავს დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზებას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ჩინეთში, გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტრთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ინვესტიციები მოიცავს სარკინიგზო, საზღვაო, საავიაციო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტსა და ვაზიანში ახალ საერთაშორისო აეროპორტს.

„ამ პროექტებით საქართველო კიდევ უფრო აძლიერებს თავის როლს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო სისტემაში. ამასთან, შავ ზღვაზე საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ფართო რეგიონის ზღვაზე გასასვლელის არმქონე რვა ქვეყანას საერთაშორისო საზღვაო მარშრუტებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო კავშირების უსაფრთხოება, ეფექტიანობა, საიმედოობა და პროგნოზირებადობა“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.

ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას თამარ იოსელიანმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მდგრადი ტრანსპორტის განვითარება გულისხმობს თანამედროვე და ეფექტიანი სატრანსპორტო სისტემის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას. მინისტრის მოადგილის თქმით, სწორედ ეს მიდგომაა ასახული საქართველოს ტრანსპორტის განვითარების 10-წლიან გეგმაში, რაც ასევე თანხვედრაშია გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებთან.