მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მარათონი გაიმართა

მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მარათონი გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მარათონი გაიმართა, რომელშიც ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 150-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, მარათონთან ერთად, შეჯიბრებები გაიმართა გირის აწევასა და მკლავჭიდში. მარათონსა და სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა მინურ პაქსაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ნური გორგაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გამარჯვება მიულოცეს და მედლები და თასები გადასცეს.

გამარჯვებულები შესაბამისი ფულადი პრიზებითაც დაჯილდოვდნენ.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის მეტი სპორტული და აქტიური ღონისძიება ტარდება. მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ახალგაზრდების სპორტში ჩართულობის გაზრდას. მომავალშიც გავაგრძელებთ ისეთი ღონისძიებების მხარდაჭერას, რომლებიც ახალგაზრდებისთვის საინტერესო და სასარგებლოა“, - განაცხადა ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ.

ღონისძიების მიზანს ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტული აქტივობებისადმი ინტერესის გაზრდა და ახალგაზრდების აქტიური ცხოვრების წესის წახალისება წარმოადგენდა.