ნიკოლოზ სამხარაძე „კორძის“ კონცერტის გაუქმებაზე: შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების ჩვენც გვჯერა, თუმცა მინდა გადავცე ევროკავშირის წარმომადგენლობას, რომ საქართველოში დედის გინება შემოქმედებითი თავისუფლება არ არის
დედის გინება საქართველოში არ არის ნორმალური მოვლენა. შესაბამისად, რაც მალე გაიგებენ ამას ევროპელი დიპლომატები, მით უკეთესად ჩასწვდებიან ქართულ კულტურას, - განუცხადა ჟურნალისტებს ლუქსემბურგში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.
იგი ევროკავშირის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ წუხილი გამოთქვა, რომ კორძის კონცერტი გაუქმდა.
„შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების ჩვენც გვჯერა, თუმცა მინდა გადავცე ევროკავშირის წარმომადგენლობას, თუ მათ არ იციან და ეს აქამდე ვერ ისწავლეს, ვერ გაითავისეს, რომ საქართველოში დედის გინება შემოქმედებითი თავისუფლება არ არის და ქართველი კაცისთვის, ზოგადად, ზრდილობისა და ეთიკის ნორმებიდან გამომდინარეობს ის, რომ დედის გინება საქართველოში არ არის ნორმალური მოვლენა. შესაბამისად, რაც მალე გაიგებენ ამას ევროპელი დიპლომატები, მით უკეთესად ჩასწვდებიან ქართულ კულტურას“, - განაცხადა სამხარაძემ.
გაუქმდა კონცერტი იმ მუსიკოსისა, რომელმაც ქართველ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა. მანამდე თავად მუსიკოსმა გამოთქვა უკმაყოფილება კონცერტის გაუქმებასთან დაკავშირებით.
„კორძი“ თავისი კონცერტის გაუქმების გამო ორგანიზატორებისგან პასუხს ითხოვს: „ღონისძიების სპონსორები, ევროკავშირი, გოეთეს ინსტიტუტი და დანიის კულტურის ინსტიტუტი ფიქრობენ, რომ ასეთ სიტუაციაში რეაგირების არარსებობა ნორმალურია - მე ვფიქრობ, რომ ეს ნორმალური არ არის“.
როგორც ცნობილია, „კორძის“ კონცერტი, რომელიც 26 სექტემბერს იყო დაგეგმილი, აღარ გაიმართება.