შალვა პაპუაშვილი: შევეცდებით, ორმხრივი ურთიერთობიდან დავარწმუნოთ ბრიუსელის ბიუროკრატია, რომ სამართლიან მოპყრობას და დიალოგს ალტერნატივა არ აქვს
მნიშვნელოვანი ოფიციალური ვიზიტი გაიმართა, შესაძლებლობა გვქონდა, რომ ერთდროულად მოგვენახულებინა ბელგია და ლუქსემბურგი, ჩვენს კოლეგებს, პარლამენტის თავმჯდომარეებს შევხვედროდით, საშუალება გვქონდა იმ წუხილებზე გვესაუბრა, რომელიც ჩვენ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის ბიუროკრატიის მცდელობებით ევროკავშირის ფორმატში ბარიერებია შექმნილი.
„კოლეგებს ავუხსენით ის პერსპექტივა, რომლითაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას ვუყურებთ. მიხარია, რომ ჩვენი პოზიციების მიმართ დიდი ინტერესი იყო და კოლეგებთან თანხვედრა გვაქვს, რომ დიალოგი და სამართლიანი მოპყრობა ერთადერთი სწორი და ევროპული გზაა ურთიერთობის. მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობა ამ კალაპოტში დაბრუნდეს. მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელმა მის მიერ 2024 წლის ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებას გადახედოს ევროინტეგრაციის პროცესის ცალმხრივად შეჩერების. მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობები. ერთი დონეა ევროკავშირთან ურთიერთობა, თუმცა მეორე განზომილება და დონეა ორმხრივი ურთიერთობები. მაშინ, როცა სამწუხაროდ, ევროკავშირის ბიუროკრატიის მცდელობებითევროკავშირის ფორმატში ბარიერებია შექმნილი, ჩვენ ორმხრივი ურთიერთობების ფორმატი არ უნდა დავივიწყოთ. საბოლოო ჯამში, ევროკავშირი სხვა არაფერია თუ არა წევრი ქვეყნების ერთობა. ამიტომ, ჩვენ წევრ ქვეყნებთან ორმხრივ ფორმატში ვიზიტებს გავაგრძელებთ. შევეცდებით, რომ ორმხრივი ურთიერთობიდან დავარწმუნოთ ბრიუსელის ბიუროკრატია, რომ სამართლიან მოპყრობას და დიალოგს ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.