გიგაურის „საერთაშორისო გამჭვირვალობა“: სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია

გიგაურის „საერთაშორისო გამჭვირვალობა“: სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წერს, რომ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შესწავლას აგრძელებს და მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენიებს.

ორგანიზაციის მიერ სააკაშვილის შესახებ გამოქვეყნებულ მსჯავრდების და ბრალდების საქმეების სამართლებრივ ანალიზში აღნიშნულია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პოლიტიკური პატიმარია, ვინაიდან, „მის მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი დევნა და გამოტანილი განაჩენები, განსაკუთრებით ე.წ. „პიჯაკების საქმეზე“, აკმაყოფილებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 1900 (2012) რეზოლუციით დადგენილ პოლიტპატიმრობის რამდენიმე კრიტერიუმს“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მოსაზრებით, საქმეთა ერთობლიობა და სასჯელთა შეკრების პრინციპით პატიმრობის ვადის 12 წლითა და 6 თვით განსაზღვრა, რაც მიმდინარე საქმეების ფონზე შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, ავლენს ხელისუფლების დომინანტურ, ფარულ პოლიტიკურ მიზანს.

„პერმანენტული სისხლისსამართლებრივი დევნისა და პატიმრობის ასეთი ხანგრძლივი ვადის დაკისრება სცილდება მართლმსაჯულების აღდგენის მიზნებს და ემსახურება ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისა და მთავარი ოპოზიციური ლიდერის ხანგრძლივ იზოლაციას რამდენიმე საარჩევნო ციკლიდან.

ეს გარემოებები არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6, მე-7 და მე-18 მუხლებს, რაც 1900 (2012) რეზოლუციის “ა”, “გ”, “დ” და “ე” კრიტერიუმებიდან გამომდინარე, იძლევა სრულ იურიდიულ საფუძველს, რომ მიხეილ სააკაშვილი მიჩნეულ იქნეს პოლიტიკურ პატიმრად.

შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში.“ - აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ ანალიზში.