სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებაში უნებართვოდ ჩარევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ერთ-ერთ ელექტრონულ პლატფორმაზე სხვისი პირადი მონაცემების გამოყენებით ელექტრონული საფულის ანგარიში შექმნა.
შემდგომში იგი უნებართვოდ ჩაერია კომპიუტერულ სისტემაში და სხვა ანგარიშიდან მის მიერ შექმნილ ელექტრონულ საფულეზე მართლსაწინააღმდეგოდ დააგენერირა და ასახა 73 000-მდე ლარი, რომელიც შემდგომ თავადვე განკარგა.
სამართალდამცველებმა დამნაშავე პირი ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.