ლევან მოსეშვილი: ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაზრდილ მოთხოვნილებას მზად დავხვდეთ

ლევან მოსეშვილი: ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაზრდილ მოთხოვნილებას მზად დავხვდეთ

ქუთაისის აეროპორტს, საქართველოს სხვა აეროპორტებთან შედარებით, ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი მდებარეობა აქვს, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა.

მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს როგორც ინფრასტრუქტურის, ისე საჰაერო მიმოსვლის მიმართულებით.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, ფაქტობრივად, უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს როგორც მდებარეობით, ისე ტერიტორიული განვითარების თვალსაზრისით. მისი ადგილმდებარეობა თავდაპირველად ისე შეირჩა, რომ სამომავლო გაფართოებისთვის საკმარისი სივრცე ყოფილიყო. ამასთან, არამხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, არამედ რეისების მიმართულებითაც საჰაერო სივრცე მორგებულია ქუთაისის აეროპორტის შესაძლებლობებზე“, - აღნიშნა ლევან მოსეშვილმა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის განცხადებით, აეროპორტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზანი მისი გამტარუნარიანობის გაზრდა და ინფრასტრუქტურის გაფართოებაა.

„დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საშუალოდ 2.5 მილიონი მგზავრისთვისაა გათვალისწინებული, თუმცა ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მის გაფართოებაზე, რათა ახლო მომავალში გაზრდილ მოთხოვნილებას სათანადოდ დავხვდეთ. იგეგმება არამხოლოდ სააეროდრომო ინფრასტრუქტურის განვითარება, არამედ სამგზავრო ტერმინალის გაფართოებაც, რაც აეროპორტს შესაძლებლობას მისცემს წელიწადში საშუალოდ 5 მილიონ მგზავრს მოემსახუროს“, - აღნიშნა ლევან მოსეშვილმა.

მისივე თქმით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მდებარეობა მას საშუალებას აძლევს მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოსთან საჰაერო კავშირების განვითარებაში და მგზავრებისთვის ქვეყნის სხვადასხვა რეგიონსა და ტურისტულ მიმართულებაზე ხელმისაწვდომობა გაზარდოს.