გიორგი გაბუნია – სოციალურ ქსელში გავრცელებული კვლევა ქვეყანაში არსებული განწყობების მნიშვნელოვანი ინდიკატორია, ხელისუფლების ნდობა უპრეცედენტო და მაღალია

გიორგი გაბუნია – სოციალურ ქსელში გავრცელებული კვლევა ქვეყანაში არსებული განწყობების მნიშვნელოვანი ინდიკატორია, ხელისუფლების ნდობა უპრეცედენტო და მაღალია

სოციალურ ქსელში გავრცელებული კვლევა ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, მაგრამ რა ინფორმაციაც გავრცელდა, ქვეყანაში არსებული განწყობების მნიშვნელოვანი ინდიკატორი და მაჩვენებელია, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების ნდობა უპრეცედენტო და მაღალია.

„ჩვენ ეს არაერთხელ დავამტკიცეთ, როგორც საპარლამენტო არჩევნებზე, ასევე თვითმმართველობის დონეზე. გარე დამფინანსებლები რადიკალურ ოპოზიციაზე ფსონს მუდმივად დებენ, თუმცა გაკოტრებული არიან და სრულიად ამორალურ მდგომარეობაში იმყოფებიან. მათ არანაირი რესურსი არ აქვთ, რომ საზოგადოებას ესაუბრონ და ხელისუფლებაში მოსვლაზე პრეტენზია განაცხადონ. კვლევა კიდევ ერთხელ იმ რეალობას და სინამდვილეს აჩვენებს, რაც ქართულ პოლიტიკურ სპექტრშია“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

სოციალურ ქსელში მომხმარებლები ავრცელებენ სლაიდს, რომელზეც ასახულია IRI-ის კვლევის შედეგები. გავრცელებული სლაიდის მიხედვით, პარტიულ რეიტინგებში „ქართულ ოცნებას“ 36 პროცენტი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 5%, 2-2% აქვთ: იაგო ხვიჩიას პარტია „გირჩს“, ლეიბორისტულ პარტიას, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ და პარტია „ახალს“, 1-1 % აქვთ: ანა დოლიძის პარტიას „ხალხისთვის“ და ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და „ხალხის პარტიას“. რეიტინგებში მოცემული არ არის „ლელო“ და „ფედერალისტები“.