ესტონეთმა რუსეთის სპეცსამსახურები თავდაცვის საწარმოზე თავდასხმაში დაადანაშაულა

ესტონეთმა რუსეთის სპეცსამსახურები თავდაცვის საწარმოზე თავდასხმაში დაადანაშაულა

ესტონეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტალინში, თავდაცვითი კომპანია Milrem Robotics-ის შენობაზე აგვისტოში განხორციელებული ცეცხლის წაკიდების უკან რუსული დაზვერვა დგას.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, ოფიციალურ ტალინს „სრული დარწმუნებით“ შეუძლია თქვას, რომ 15 აგვისტოს ღამეს მომხდარი ინციდენტი „რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაკვეთილი დივერსია იყო“.

აღნიშნული განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც დასავლელი ოფიციალური პირები სულ უფრო ხშირად საუბრობენ ნატოს ტერიტორიაზე მოსკოვის ჰიბრიდული ოპერაციების გააქტიურებაზე - განსაკუთრებით ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის წევრებსა და იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან.

„ესტონეთი რუსეთის მსგავსი თავდასხმებისთვის რთული სამიზნეა. ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები ეფექტურად მუშაობენ. რამდენიმე მსგავსი დივერსიული აქტი თავიდანვე იყო აცილებული, ხოლო Milrem Robotics-ის შენობის დაწვის შემსრულებლები დაკავებულები არიან და ისინი ესტონეთისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენენ“, - აღნიშნა ცაჰკნამ.

ხანძარი ტალინში, Milrem Robotics-ის შენობაში გასულ თვეს გაჩნდა. მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება სწრაფად შეძლეს, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

Milrem Robotics-ი ესტონური თავდაცვითი კომპანიაა, რომელიც რობოტოტექნიკასა და ავტომატიზებულ სისტემებზე სპეციალიზდება. საწარმო უკრაინას TheMIS-ის ტიპის უპილოტო სახმელეთო აპარატებს აწვდის.