CBS News: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი ჩააგდო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუცია ჩააგდო. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, საკითხის განხილვა იმ ფონზე გაიმართა, როდესაც კვლავ გააქტიურდა დისკუსია იმაზე, თუ რა გეგმები ექნებათ „დემოკრატებს“, თუკი ისინი კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას მოიპოვებენ.
კენჭისყრისას რეზოლუციის განხილვის შეწყვეტის შესახებ „რესპუბლიკელების“ ინიციატივას მხარი 232-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგი 147 იყო, 47 კანონმდებელმა კი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.
რეზოლუცია ტეხასელმა „დემოკრატმა“ კონგრესმენმა ალ გრინმა წარადგინა. გრინი ტრამპის იმპიჩმენტის რამდენიმე წარუმატებელ მცდელობას ხელმძღვანელობდა.
გრინის რეზოლუცია ტრამპის იმპიჩმენტის დაწყებას ითვალისწინებდა იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო კონტროლის სამსახურის (ICE) და საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახურის (CBP) საქმიანობას ეხებოდა. გრინმა წელს ფედერალური საიმიგრაციო აგენტების მიერ რენე გუდის, ალექს პრეტის, ლორენცო სალგადო არაუხოსა და იოჰან სებასტიან დურან გერეროს მკვლელობები მოიყვანა მაგალითად.
„იმპიჩმენტი წმინდა კონსტიტუციური მექანიზმია, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების კორუმპირებული წარმომადგენელი პასუხისგებაში მიეცეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, კანონის დარღვევისა და საზოგადოებრივი ნდობის ღალატისთვის. ეს პროცესი, როგორც წესი, მოითხოვს ყოვლისმომცველ საგამოძიებო პროცესს, ათასობით დოკუმენტის შეგროვებასა და შესწავლას, ფაქტების დეტალურ განხილვას, ათობით მნიშვნელოვანი მოწმის დაკითხვას, კონგრესის მოსმენებს, ხანგრძლივ საზოგადოებრივ მობილიზაციასა და დემოკრატიული ძალების გაერთიანებას ფართო ეროვნული კონსენსუსის ჩამოსაყალიბებლად“, - ნათქვამია წარმომადგენელთა პალატის „დემოკრატიული“ უმცირესობის ლიდერის, ნიუ-იორკის შტატის წარმომადგენელ ჰაკიმ ჯეფრისის, „დემოკრატიული“ პარტიის საპარლამენტო ორგანიზატორის, მასაჩუსეტსის შტატის წარმომადგენელ კეტრინ კლარკისა და „დემოკრატიული“ კოკუსის თავმჯდომარის, კალიფორნიის შტატის წარმომადგენელ პიტ აგილარის ერთობლივ განცხადებაში.