სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას CNN-ისთვის, MS NOW-სა და Politico-სთვის თეთრი სახლის აკრედიტაციების აღდგენა დაავალა
აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, დაუყოვნებლივ აღუდგინოს თეთრ სახლში შესასვლელი აკრედიტაცია ტელეკომპანიებს CNN-ს, MS NOW-ს და გამოცემა Politico-ს.
მოსამართლე ტიმ კელიმ მიიჩნია, რომ ტრამპის მიერ დაწესებული აკრძალვა, სავარაუდოდ, აშშ-ის კონსტიტუციას არღვევს და გადაწყვეტილების მოქმედება 14 დღით შეაჩერა. საქმეზე სასამართლო განხილვა გაგრძელდება.
ერთი კვირის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნული მედიასაშუალებების ჟურნალისტები ყალბი ამბების გავრცელებაში დაადანაშაულა და მათ თეთრ სახლში შესვლა აუკრძალა. სამივე გამოცემამ სასამართლოში ერთობლივი სარჩელი შეიტანა. სარჩელში აღნიშნული იყო, რომ აკრძალვა არღვევს კონსტიტუციის პირველ შესწორებას, რომელიც სიტყვისა და პრესის თავისუფლებას უზრუნველყოფს, და ჟურნალისტებს გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონიერ უფლებას ართმევს.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი აკრძალვას ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებით განმარტავდა, თუმცა სასამართლომ ეს არგუმენტი არ გაიზიარა - საქმის მასალებში არ აღმოჩნდა იმის მტკიცებულება, რომ ჟურნალისტების დაშვება საფრთხეს ქმნიდა. გარდა ამისა, თავად ტრამპი შეზღუდვას არა უსაფრთხოებით, არამედ „ფეიკ ნიუსების“ გამოქვეყნებით ხსნიდა.
CNN-ის, MS NOW-სა და Politico-ს მხარდაჭერით გამოვიდნენ პრესის თავისუფლების დამცველი ორგანიზაციები და ათეულობით მედიასაშუალება. ერთობლივ განცხადებას, სადაც აღნიშნული იყო, რომ სარედაქციო პოლიტიკის გამო ჟურნალისტებისთვის წვდომის შეზღუდვა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას ეწინააღმდეგება, ხელი მოაწერეს Reuters-მა, The Washington Post-მა და Fox News-მაც კი.
სოლიდარობის ნიშნად, ამერიკის ოთხმა უმსხვილესმა ტელექსელმა (ABC, CBS, NBC და Fox News), რომლებიც CNN-თან ერთად თეთრი სახლის სატელევიზიო პულში შედიან, დონალდ ტრამპის მონაწილეობით დაგეგმილი ღონისძიებების გაშუქებაზე დროებით უარი განაცხადა.