ComCom-მა ქვეყნის მასშტაბით სკოლებისთვის „მედიაწიგნიერების ოლიმპიადა“ მესამედ გამოაცხადა
კომუნიკაციების კომისია სასკოლო საზოგადოებაში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის „მედიაწიგნიერების ოლიმპიადას“ უკვე მესამედ აცხადებს. საქართველოს მასშტაბით სკოლებს საკონკურსო ნამუშევრების გამოგზავნა 21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ. ინფორმაციას ComCom-ის პრესსამსახური ავრცელებს.
ოლიმპიადაში სკოლის სახელით მონაწილეობა შეუძლიათ I-დან VIII და IX-დან XII კლასის მოსწავლეებისგან შემდგარ გუნდებს, რომელსაც ერთი მასწავლებელი უხელმძღვანელებს. გუნდებმა შემოქმედებითი და ინფორმაციული ფორმით, სანდო წყაროების გამოყენებითა და მითითებით, უნდა მოამზადონ ნაშრომი თემაზე „მედიაწიგნიერება იწყება შენით - როგორ შევქმნათ სანდო და პასუხისმგებლიანი საინფორმაციო გარემო?“. ნამუშევრების წარმოდგენა კონკურსში მონაწილე გუნდებმა ვიდეოს, პოდკასტის, კომიქსისა ან ციფრული პოსტერის (ინფოგრაფიკი) ფორმატით უნდა წარმოადგინონ.
„მედიაწიგნიერების ოლიმპიადის“ ფარგლებში წარმოდგენილ ნამუშევრებს ჟიური შეაფასებს და ორივე ასაკობრივ კატეგორიაში ყველაზე ინფორმაციული და შემოქმედებითი ნაშრომის მქონე გამარჯვებულს გამოავლენს, რომლებსაც კომუნიკაციების კომისია იმავე სკოლის ბაზაზე თანამედროვე მედიალაბორატორიას მოუწყობს და მაღალტექნოლოგიურ პრიზებს გადასცემს.
გარდა ამისა, ათი საუკეთესო ნამუშევარი მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმაზე განთავსდება, ხოლო ყველა მონაწილე გუნდს ციფრული სერტიფიკატი გადაეცემა.
საგულისხმოა, რომ გუნდებში მოსწავლეების რაოდენობა განსაზღვრული არ არის, თუმცა სავალდებულოა, რომ თითოეულმა გუნდმა მხოლოდ ერთი ნამუშევარი წარადგინოს.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის კონკურსში 350-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, რომლის შექმნაშიც 2200-მდე მოსწავლე და 300-ზე მეტი მასწავლებელი მონაწილეობდა. ნაშრომებიდან ჟიურიმ ორი გამარჯვებული: მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლა და ბათუმის პირველი საჯარო სკოლა გამოავლინა, რომელთაც ComCom-მა თანამედროვე მედიალაბორატორია გადასცა.
დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის გთხოვთ იხილოთ ბმული.