ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე: J.P. Morgan-ის ახალ GBI-EM Edge ინდექსში საქართველოს მოხვედრა გამოიწვია ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებამ და მისადმი საერთაშორისო ინვესტორების მზარდმა ინტერესმა
J.P. Morgan-ის ახალ GBI-EM Edge ინდექსში საქართველოს მოხვედრა გამოიწვია ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებამ და მისადმი საერთაშორისო ინვესტორების მზარდმა ინტერესმა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.
J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.
„J.P. Morgan-მა გამოაქვეყნა სრულიად ახალი ინდექსი განვითარებადი ბაზრებისათვის, რომლებიც ახლახან გაფართოვდნენ. საქართველოსთვის ეს ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო ინვესტორები, რომლებსაც სურთ ახალ ინდექსში ინვესტირება, დამატებით დაინტერესდებიან საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრით. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს საშინაო ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომ განვითარებასა და ლიკვიდობის შემდგომ ზრდას. აღნიშნულ ინდექსში მოხვედრა ამ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. შესაბამისად, სამომავლოდ უკვე შესაძლებელი გახდება J.P. Morgan-ის GBI-EM ინდექსში საქართველოს ფასიანი ქაღალდების მოხვედრა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.