რუსთავში ავარიული შენობების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, თბილისის ქუჩის N8 საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-რესტავრაცია მიმდინარეობს

რუსთავში ავარიული შენობების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, თბილისის ქუჩის N8 საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-რესტავრაცია მიმდინარეობს

რუსთავში ავარიული შენობების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, თბილისის ქუჩის N8 საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-რესტავრაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ბერუაშვილთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

„რუსთავში ვაგრძელებთ ჩვენი ქალაქის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას. მერიის გუნდისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ავარიული საცხოვრებელი კორპუსების გამაგრება-რესტავრაციაა. თბილისის ქუჩაზე უკვე რეაბილიტირებული გვაქვს 4 საცხოვრებელი კორპუსი, აქვე მოწყობილია ძალიან ლამაზი რეკრეაციული სივრცეც. ამჟამად ვმუშაობთ N8 საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-რეაბილიტაციაზე. სამუშაო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მალე შეძლოს ამ კორპუსის მოსახლეობამ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნება. თბილისის ქუჩაზე დარჩენილი ავარიული კორპუსების რეაბილიტაციის პროექტზე, მოსახლეობასთან შეთანხმებით აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

თბილისის ქუჩაზე აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტი შენობის საძირკვლის გამაგრებას, კარ-ფანჯრებისა და სახურავის შეცვლას, ფასადისა და აივნების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

„რუსთავში, რამდენიმე ქუჩაზე აქტიურად ხორციელდება ავარიული საცხოვრებელი შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ მიმართულებით მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს თბილისის ქუჩაზეც, რომელიც მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა და #8 კორპუსის გამაგრება-რესტავრაციას ითვალისწინებს. ავარიული შენობების გამაგრება-რესტავრაციის ფარგლებში თბილისის ქუჩაზე, რამდენიმე კორპუსს უკვე ჩაუტარდა შესაბამისი სამუშაოები“, - განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა რეხვიაშვილმა.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 385 000 ლარს შეადგენს.

თბილისის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, გამაგრება-რესტავრაცია ჩაუტარდა N4, N16 და N20 ავარიულ საცხოვრებელ კორპუსებსაც. სრულად განახლდა და კეთილმოეწყო შუაგამყოფი რეკრეაციული სივრცე.