POLITICO: უნგრეთმა კომუნისტური რეჟიმის პოლიციის საიდუმლო არქივები გახსნა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება, სოციალისტური რეჟიმის ინფორმატორთა ქსელის შესახებ საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროება, მრავალწლიანი დებატების შემდეგ შესრულდა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, მთავრობამ მოქალაქეებს მანამდე შეზღუდულ საარქივო მასალებზე წვდომა მისცა. სპეციალურ ვებგვერდზე მათ უკვე შეუძლიათ, წინაპრების სახელებისა და გვარების მიხედვით მოიძიონ ინფორმაცია. ეს გადაწყვეტილება 1956 წლის უნგრეთის რევოლუციის ჩახშობიდან 70 წლის შემდეგ მიიღეს. მაშინ საბჭოთა კავშირმა უნგრეთში აჯანყება ჩაახშო.
არქივების გასაჯაროება განსაკუთრებით სადავო საკითხი იყო, რადგან დოკუმენტებში მოხსენიებული პირები ყოველთვის რეჟიმის რეალური ინფორმატორები არ იყვნენ. ზოგიერთ შემთხვევაში ისინი მხოლოდ ხელისუფლების ინტერესის სფეროში მოქცეული ადამიანები იყვნენ, წერს გამოცემა.
მოქალაქეებისადმი მიმართვისას მადიარმა საზოგადოებას მოუწოდა, დოკუმენტების გამოქვეყნებას „ღირსებითა და ჰუმანურობით“ მოეკიდონ, რადგან, მისი თქმით, „ბევრ ოჯახს საკუთარი წარსულის შესახებ რთულ ინფორმაციასთან მოუწევს შეჯახება“.
კულტურის მინისტრმა ზოლტან ტარმა იმედი გამოთქვა, რომ არქივების გამოქვეყნება „წარსულის საიდუმლოებების გამჟღავნებით გრძელვადიან შერიგებას შეუწყობს ხელს“. დოკუმენტებში თავად მინისტრის მამაც არის მოხსენიებული, თუმცა მას ოფიციალურად დაუდასტურეს, რომ ის საიდუმლო პოლიციის აგენტი არასოდეს ყოფილა.
POLITICO-ს ცნობით, უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი წარსულში საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობაში არაერთხელ დაადანაშაულეს. სამშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში ორბანმა ეს ბრალდებები უარყო და აღნიშნა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის დაწყებისას, როდესაც მას თანამშრომლობა შესთავაზეს, უარი განაცხადა.



