Politico: პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მეკლენბურგ-წინა პომერანიის რეგიონულ არჩევნებში ხმების 37% მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა. არჩევნების შედეგები კატასტროფულად მძიმეა ფრიდრიხ მერცისთვის, რომელმაც ხმების მხოლოდ 5.5% მიიღო, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პარტიის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია
გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), ეგზიტპოლების თანახმად, მეკლენბურგ-წინა პომერანიის რეგიონულ არჩევნებში ხმების 37% მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა, რითაც საქსონია-ანჰალტის შემდეგ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, - წერს გამოცემა „პოლიტიკო”.
მიუხედავად ამისა, AfD, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს მთავრობის დაკომპლექტებას, რადგან მეორე ადგილზე გასულ მემარცხენე-ცენტრისტულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD, 35.5%) კოალიციის შესაქმნელად და მემარჯვენეების ხელისუფლებაში არდაშვებისთვის საკმარისი მხარდაჭერა ექნება.
არჩევნების შედეგები კატასტროფულად მძიმეა კანცლერ ფრიდრიხ მერცისა და მისი პარტიისთვის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ (CDU). მათ მეკლენბურგ-წინა პომერანიაში ხმების მხოლოდ 5.5% მიიღეს, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პარტიის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია და მერცის პოლიტიკურ გადარჩენას საფრთხეს უქმნის.
სტატიის თანახმად, მძიმე მდგომარეობაში მყოფმა კანცლერმა აღიარა, რომ რეგიონული არჩევნები „კატასტროფა“ იყო, რადგან, ეგზიტპოლების თანახმად, მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ორი კვირის განმავლობაში მეორე გამარჯვებისკენ მიიწევს. მან უარყო ვარაუდები იმის შესახებ, რომ შესაძლოა თანამდებობის დატოვება მოუწიოს და განაცხადა, რომ თავისი რეფორმების დღის წესრიგს კანცლერის პოსტზე „სიმტკიცით, შეუპოვრობითა და თმენით“ გაატარებს.