The Telegraph: უკრაინულმა დრონმა ფინეთის ყურეში რუსულ სამხედრო ხომალდს დაარტყა - გემს პორტში დაბრუნება მოუწია
უკრაინულმა დრონმა ფინეთის ყურეში რუსულ სამხედრო ხომალდ „ნარო-ფომინსკს“ დაარტყა, რის შემდეგაც გემი იძულებული გახდა პორტში დაბრუნებულიყო. ინფორმაციას The Telegraph-ი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რუსულ გემზე თავდასხმა რუსეთის ნავთობტერმინალების წინააღმდეგ ჩატარებული ფართომასშტაბიანი ოპერაციის ფარგლებში განხორციელდა.
ფინური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თავდასხმა ოთხშაბათს, გამთენიისას, სუურსაარის კუნძულის მახლობლად განხორციელდა. კუნძული ფინეთის სანაპიროდან დაახლოებით 28 მილის მოშორებით მდებარეობს.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უკრაინულმა დრონმა რუსულ სამხედრო ხომალდს ბალტიის ზღვის იმ მონაკვეთში შეუტია, რომელიც სამოქალაქო საზღვაო მიმოსვლისთვის გამოიყენება.
ბოლო თვეებში კიევმა რუსეთის სანავთობო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გააფართოვა, მიუხედავად იმისა, რომ თეთრი სახლი უკრაინას ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა.
უკრაინული მხარის განცხადებით, ოპერაციის სამიზნე რუსეთის პრიმორსკისა და უსტ-ლუგის ნავთობტერმინალებიც იყო.
ნატოს წევრი ფინეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მომხდარი ბალტიის ზღვაში რუსეთის მოქმედებების პირდაპირი შედეგია.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბალტიის ზღვა სამოქალაქო გემებისთვის კვლავ სტაბილურ და უსაფრთხო მარშრუტად რჩება.
BBC-ის ინფორმაციით, ფინეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენლები უკრაინას მანამდე აფრთხილებდნენ, რომ ფინეთის ყურეში, რომელიც ფინეთს, რუსეთსა და ესტონეთს შორის მდებარეობს, წყალქვეშა კაბელები გადის. ეს ვიწრო საზღვაო დერეფანი კომერციული გემებისა და ნავთობტანკერების აქტიური მარშრუტია.
ესტონეთის თავდაცვის მინისტრის მარტინ ჰერემის განცხადებით, ოთხშაბათს დილით უკრაინული დრონი ესტონეთის საჰაერო სივრცეშიც შევიდა. იმ დროს ჰაერში ნატოს თვითმფრინავები იმყოფებოდნენ, თუმცა დრონის ჩამოგდება უსაფრთხო არ იყო.
„ვიცით, რომ მოგვიანებით გემიდან კვამლი ამოდიოდა. თავად ხომალდი კი სანქტ-პეტერბურგისკენ დაბრუნდა“, - განაცხადა ჰერემმა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, „ნარო-ფომინსკი“ M-კლასის მცირე ზომის სარაკეტო კორვეტია, რომელსაც „კალიბრისა“ და „ონიქსის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები გადაჰქონდა. ამ კლასის ხომალდები არაღრმა წყლებში ოპერირებისთვისაა შექმნილი და რუსეთის სანაპირო ზოლის დასაცავად გამოიყენება.



