ზელენსკი: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში დამატებით 10 000 ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთში დამატებით 10 000 ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს, რათა მოსკოვს კიევის წინააღმდეგ ომში დაეხმაროს.
ორშაბათს საღამოს გავრცელებულ მიმართვაში ზელენსკიმ უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს სამხედროების შერჩევა და მომზადება რუსეთში შემდგომი გაგზავნის მიზნით.
„ამჟამად რუსეთის ტერიტორიაზე ჩრდილოეთ კორეის 8 000-ზე მეტი ჯარისკაცი იმყოფება“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინული და სამხრეთკორეული მხარეების შეფასებით, 2024 წლიდან მოყოლებული ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში 14 000-იდან 15 000-მდე ჯარისკაცი გააგზავნა. მათი უმეტესობა კურსკის სასაზღვრო რეგიონში განათავსეს უკრაინული ძალების იერიშის მოსაგერიებლად.
„სანაცვლოდ, რუსეთი ჩრდილოეთ კორეას ტექნოლოგიურ დახმარებას უწევს - კერძოდ, რუსული ტექნიკური მხარდაჭერით ჩრდილოეთ კორეაში Shahed-ის ტიპის დამრტყმელი დრონების წარმოება დაიწყო“, - განმარტა ზელენსკიმ.