სოზარ სუბარი: „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ციხეში მოხვედრილმა ადამიანებმა ამქვეყნიური ჯოჯოხეთი გამოიარეს

სოზარ სუბარი: „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ციხეში მოხვედრილმა ადამიანებმა ამქვეყნიური ჯოჯოხეთი გამოიარეს

„მთელი საქართველო უყურებს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, სადაც მკაფიოდ და ნათლად დავინახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან, როგორც ძველების, ისე ახლად შემოერთებულებისგან, არ იგრძნობა არც სინანული მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო და არც წარსულის გააზრება. პირიქით, დღესაც მზად არიან გაიმეორონ ყველა დანაშაული, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს სჩადიოდნენ და გაიმეორონ უფრო სასტიკად,“ - განაცხადა მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, პოლიტიკურ პროცესში „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობის აკრძალვა იქნება ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება.

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ციხეში მოხვედრილმა ადამიანებმა ამქვეყნიური ჯოჯოხეთი გამოიარეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესის დღეებში განმეორდა ის, რაც შარშან დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომების მიმდინარეობისას ხდებოდა, როცა მთელი საქართველო ტელევიზორს იყო მიჯაჭვული.

ახლაც მთელი საქართველო უყურებს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, სადაც მკაფიოდ და ნათლად დავინახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან, როგორც ძველების, ისე ახლად შემოერთებულებისგან, არ იგრძნობა არც სინანული მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო და არც წარსულის გააზრება. პირიქით, დღესაც მზად არიან გაიმეორონ ყველა დანაშაული, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს სჩადიოდნენ და გაიმეორონ უფრო სასტიკად.


ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სასამართლო პროცესზე და სოციალურ ქსელებში დასცინიან მათ მიერ ნაწამებ ადამიანებს, რომლებიც ამ წამებას სასწაულებრივად გადაურჩნენ ცოცხლები და რომლებმაც ჩვენებები მისცეს პარლამენტის საგამოძიებო კომისიას. საკონსტიტუციო სასამართლოში, სოციალურ ქსელებში, ტელეგადაცემებში ღლიცინებენ იმ ადამიანებზე, რომელთა უმძიმეს ისტორიებს მთელი საქართველო ისმენდა პირდაპირ ეთერში საგამოძიებო კომისიის სხდომების მიმდინარეობისას.

სასამართლოზე არაერთხელ გაისმა ფრაზა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების „სისტემურ“ და „სისტემატურ“ დარღვევას. ეს შეფასება ეკუთვნის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც მსგავსი შეფასება არაერთ საქმეზე გააკეთა, მაგრამ განსაკუთრებით მკაფიოდ ეს აღინიშნა საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“. საქმეში წერია, რომ 2011 წლის ივნისში, როდესაც ოჩიგავა მე-8 დაწესებულებაში მოათავსეს, მას დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ციხეში ყოფნისას კი დაუმტვრიეს თითები, ჩაუმტვრიეს კბილები, მძიმედ დაუზიანეს ხერხემალი და ეტლით მოსარგებლედ აქციეს.

ეს არ არის მხოლოდ საქართველოს სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტი - ეს შეფასება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გააკეთა.

საქმეში წერია, რომ ოჩიგავას „კარანტინის დაშლის“ პროცედურის გავლამ მოუწია, მაშინ, როცა ეს გლდანის საპატიმროში მყარად დამკვიდრებული პრაქტიკა იყო. კარანტინის დაშლის შედეგად მას სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ჩამტვრეული ჰქონდა წინა კბილები. კარცერსა და მცირე ზომის სამარტოო საკნებში დასჯის დროს პატიმრებს ათავსებდნენ ხანგრძლივი დროით, სადაც არ იყო ავეჯი და ისინი იწვნენ ბეტონის იატაკზე. დღის განმავლობაში პატიმრებს არ ჰქონდათ დაწოლის უფლება - მხოლოდ საღამოს ათი საათიდან დილის რვა საათამდე უნდა დაწოლილიყვნენ, დანარჩენი დრო ფეხზე უნდა მდგარიყვნენ. აკრძალული ჰქონდათ ხმამაღლა საუბარი, რასაც დღესაც დაადასტურებს ყველა იმდროინდელი პატიმარი.

მას შემდეგაც კი, რაც ოჩიგავა წამების შედეგად გახადეს ეტლით მოსარგებლე, იგი ხმამაღალი საუბრის გამო გაიყვანეს საშხაპეში, გააშიშვლეს, ცივი წყალი შეასხეს და სასტიკად სცემეს ხელკეტებით, რის შედეგადაც გონება დაკარგა. გონს მოსვლის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ციხის მორგში იყო ჩაკეტილი გარდაცვლილებთან ერთად.

წამების ამგვარ და ხშირად უფრო სასტიკ მეთოდებსაც ჰქონდა სისტემური და სისტემატური ხასიათი. აი, ეს არის ის საკითხი, რომელზეც ნაციონალური მოძრაობის წევრები იცინიან და ღლიცინებენ საკონსტიტუციო სასამართლოში და სოციალურ ქსელებში. ამას აკეთებენ იმიტომ, რომ მათ არ აქვთ სინანული. იმავე დანაშაულებს სიამოვნებით გაიმეორებენ ახლაც, ძალაუფლება რომ ჰქონდეთ. შესაბამისად, პოლიტიკურ პროცესში მათი მონაწილეობის აკრძალვა იქნება ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.