თამარ ჩერგოლეიშვილი – ქართველი ხალხისთვის იმიტომ ვართ უკეთესი ალტერნატივა, რომ წესებზე დაფუძნებული ალიანსი ვართ, ალიანსიდან „ნაციონალური მოძრაობის“ გასვლა უწესობამ გამოიწვია

თამარ ჩერგოლეიშვილი – ქართველი ხალხისთვის იმიტომ ვართ უკეთესი ალტერნატივა, რომ წესებზე დაფუძნებული ალიანსი ვართ, ალიანსიდან „ნაციონალური მოძრაობის“ გასვლა უწესობამ გამოიწვია

ზუსტად იმიტომ ვართ ქართველი ხალხისთვის უკეთესი ალტერნატივა, რომ ჩვენ წესებს ვიცავთ და წესებზე დაფუძნებული ალიანსი ვართ. წესებს ყველა იცავს – პატარაც, დიდიც, წარსულში წარჩინებულიც და მომავალში წასარჩინებელიც. სწორედ ეს გამოგვარჩევს ყველა სხვა ალიანსისგან, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.

ჩერგოლეიშვილის თქმით, ალიანსის წევრობის ერთადერთი გზა არის წესების დაცვა და „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსიდან ექვსი თვის წინ გავიდა.

„ფიგურა ან სუბიექტი, რომელიც წესებს არ ემორჩილება, ალიანსთან არაფერ შუაშია, რადგან ალიანსი არის წესები. ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსიდან ექვსი თვის წინ გავიდა. ის, რომ ახლა ლოგოდან ამოვიღეთ იმიტომ, რომ დღეს შეხვედრა გავმართეთ, ეს არის სრული შემთხვევითობა. ფავლენიშვილსაც აქვს ეს გაცხადებული, მეც ვაცხადებდი. ოფიციალურად ბეჭედსაც დაგირტყამთ. ეს დეკლარირებული იყო. თქვენივე არქივები ჩამოიღეთ. ვამბობდი, რომ გასულები არიან. თავადაც გასულები არიან. ეს უწესობამ გამოიწვია. ანუ რატომაც გვინდა ბიძინა ივანიშვილის ჩამოშორება, იმიტომ, რომ არის უწესო და საკუთარი თავი წესად გამოაცხადა. ზუსტად იგივეს ცდილობდა სააკაშვილი და ამის შესაძლებლობა ჩვენს წრეში ვერ ექნება, რადგან წესებია ეს ალიანსი.

ეს ალიანსი არ არის არც საბანკო ანგარიში და არც საერთო ორგანიზაცია. ახლა უკვე ის პარტიებიც აღარ იქნებიან ფურცელზე, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი აკრძალავს. ერთადერთი უპირატესობა, რაც ბიძინა ივანიშვილთან და რეჟიმთან გვაქვს, რითაც მის წაქცევას ვაპირებთ, არის ჩვენი წესიერება. უწესო ადამიანს ჩვენს რიგებში ვერ გავიჩერებთ, ამას თავად ალიანსის წესდება გამორიცხავს“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ წესებს თავზე ვერავინ მოახვევს, ალიანსი კი წესებია და მეტი არაფერი.

„სააკაშვილს, ჩემი აზრით, ყველაზე უკეთ „ქართული ოცნების“ არხები აშუქებენ. მას არაერთხელ უთქვამს, რომ წესებს თავზე ვერავინ მოახვევს, ალიანსი კი წესებია და მეტი არაფერი. ამ წესებს თუ არ ემორჩილები, თავად ხარ გარიცხული ალიანსიდან – საკუთარი ინიციატივით. ალიანსის წევრობის ერთადერთი გზა არის წესების დაცვა. ჩვენ უნდა დავიცვათ არაღიარების სტრატეგია, ანუ არ ვაღიაროთ რეჟიმი ლეგიტიმურ ძალად. მეორე მხრივ, უნდა დავიცვათ ის წესები, რომლებსაც მივყვებით: ყველას აქვს საკუთარი ხმა, ყველა თანასწორია, ყველას თანაბარი ხმა აქვს და ა.შ, რომ ჩვენი ბელადები შიგნით არ არსებობენ. ვისაც ამის შეგუება არ უნდა, ის ჩვენთან ვერ იქნება – გამოვრიცხავთ ერთმანეთს“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციის ალიანსმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ახალი ფოტო გააზიარა, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო დატანილი აღარ არის.