ევროკომისია, გაფართოების ანგარიშში, „თვითნებურად დაკავებულებს“ უწოდებს საქართველოში ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ ადამიანებს, რომლებმაც დანაშაული თავად აღიარეს და მოინანიეს
ევროკომისიის მიერ მომზადებული 2026 წლის გაფართოების ანგარიშის თანახმად, საქართველოში ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ადამიანები „თვითნებურად დაკავებულებად“ არიან მოხსენიებული.
საუბარია 2024-2025 წლებში პარლამენტთან და პრეზიდენტის სასახლესთან გამართულ ძალადობრივ აქციებზე დაკავებულებზე, რომლებმაც დანაშაული თავად აღიარეს და მოინანიეს კიდეც. ანგარიშში ასევე წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე ადამიანი შეიწყალა, რადგან მათ ბრალი აღიარეს.
„აგვისტოში პრეზიდენტმა დანაშაულის აღიარების შემდეგ შეიწყალა რამდენიმე პირი, რომლებიც 2024-2025 წლების საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით თვითნებურად იყვნენ დაკავებული. თუმცა, გაცილებით მეტი ადამიანი კვლავ პატიმრობაში რჩება“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ დაკავებულთა დიდ ნაწილთან ბრალის აღიარების შემდეგ საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. შედეგად, ათეულობით ადამიანი უკვე თავისუფალია.
ევროკომისია მოითხოვს ყველა ადამიანის გათავისუფლებას, თუმცა აღსანიშნავია, რომ ციხეში სასჯელს იხდიან ისეთი პირებიც, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილს“ ესროდნენ სამართალდამცველებს.
აღსანიშნავია, რომ ანგარიში ისე მომზადდა, პროცესში საქართველოს მთავრობა და შესაბამისი უწყებები ჩართული არ ყოფილან, რადგან ბრიუსელი საქართველოსთან ბოიკოტის რეჟიმშია. შესაბამისად, ანგარიში რეალობას ვერ ასახავს, ვინაიდან მთლიანად ოპოზიციის მიერ მიწოდებულ დეზინფორმაციაზეა აგებული.



