„ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ და არანაირად არ უკავშირდება ეს საპროცესო შეთანხმებას“ - მურთაზ ზოდელავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდადებულმა, მურთაზ ზოდელავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ის ციხიდან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველზე გათავისუფლდა. მასთან ერთად დღეს უნდა გათავისუფლდეს კიდევ ერთი მსჯავრდადებული ლაშა ბერიძეც.
როგორც ჟურნალისტებს მურთაზ ზოდელავამ განუცხადა, პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ აპირებს.
„პასუხისმგებლობაც ავიღე და სასჯელიც მოვიხადე. [სასამართლოს] ყველა სხდომაზე მოვუწოდებდი სხვა დაკავებულებს, ესარგებლათ საპროცესო შეთანხმებით, რაც მოხდა კიდეც. არ არის მარტივი, როდესაც შენ რაღაცას მოუწოდებ და შემდეგ ათეულობით ადამიანი ციხეში აღმოჩნდება. მძიმე პასუხისმგებლობაა. გადაფასება ხდება რაღაცების. ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ და არანაირად არ უკავშირდება ეს საპროცესო შეთანხმებას“, - აღნიშნა ზოდელავამ.
ლაშა ბერიძისა და მურთაზ ზოდელავას გარდა, საპროცესო შეთანხმება მათთან ერთად კიდევ ორ მსაჯავრდებულს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას გაუფორმდა. საპროცესო შეთანხმების თანახმად, ოთხივე მსჯავრდადებულს 3 წლითა და 1 თვის ვადით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც რეალური სასჯელის სახით 1 წელი და 1 თვე პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხადეს, ხოლო 2 წელი პირობითად ჩაეთვლებათ.



