ლევან მახაშვილი ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე: ეს დოკუმენტი არის პოლიტიკური ბრალდებები და მას არანაირი კავშირი რეალობასთან, მითუმეტეს, სამართლიანობასთან, ევროპელობასთან, ევროპულ ღირებულებებთან არ აქვს
ეს დოკუმენტი არის პოლიტიკური ბრალდებები და მას არანაირი კავშირი რეალობასთან, მითუმეტეს, სამართლიანობასთან, ევროპელობასთან, ევროპულ ღირებულებებთან არ აქვს, - ასე გამოეხმაურა „ქრონიკასთან“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროკომისიის მიერ გაფართოების შესახებ 2026 წლის ანგარიშს.
მისი თქმით, შეუძლებელია ევროპაში მკვლელობის მცდელობისთვის ასამართლებდე მონაწილეებს და იგივე ქმედებაში საქართველოში პირებს უწოდებდე პოლიტიკურ პატიმრებს.
„არანაირი დამატებითი ღირებულება ამ დოკუმენტს არ აქვს. არის ისევ ის კრებული ძველი ბრალდებების, რაც გვესმოდა თვეების განმავლობაში. მეორეს მხრივ, ეს არის ორმაგი სტანდარტი, საუკეთესოდ შესრულებული დოკუმენტში.
შეუძლებელია ევროპაში მკვლელობის მცდელობისთვის ასამართლებდე მონაწილეებს და იგივე ქმედებაში საქართველოში პირებს უწოდებდე პოლიტიკურ პატიმრებს. როდესაც უწოდებ თვითნებურად დაკავებულებს ადამიანებს, რომელთა უმრავლესობამაც უკვე აღიარა ჩადენილი დანაშაული და აღარ იმყოფებიან საპატიმრო დაწესებულებებში, ხელისუფლებას მოუწოდებ გაათავისუფლოს ეს ადამიანები, პირდაპირი ჩარევაა მართლმსაჯულებაში. ეს დოკუმენტი არის პოლიტიკური ბრალდებები და მას არანაირი კავშირი რეალობასთან, მითუმეტეს, სამართლიანობასთან, ევროპელობასთან, ევროპულ ღირებულებებთან არ აქვს“, - აღნიშნა მახაშვილმა.



