მარკო რუბიო: მიყვარს ის საქმე, რომელსაც ვაკეთებ. თან, ყოველთვის მეცინება, როცა ამბობენ, რომ ის თანამდებობის დატოვებას აპირებს. ვეკითხები ხოლმე: „რომელი თანამდებობის?“
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა მარკო რუბიომ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ტრამპის ადმინისტრაციის დატოვებას აპირებს. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
რუბიოს განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ტრამპის საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე დარჩენა თავიდანვე მისი გეგმა იყო.
The New York Times-თან ინტერვიუში რუბიომ განაცხადა, რომ არ იცის, საიდან მოდის ინფორმაცია მისი შესაძლო წასვლის შესახებ.
„გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვიცი, საიდან ჩნდება ასეთი ცნობები. მიყვარს ის საქმე, რომელსაც ვაკეთებ. თან, ყოველთვის მეცინება, როცა ამბობენ, რომ ის თანამდებობის დატოვებას აპირებს. ვეკითხები ხოლმე: „რომელი თანამდებობის?“ - აღნიშნა რუბიომ.
მარკო რუბიომ, რომელიც სახელმწიფო მდივნის გარდა ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის პოსტსაც იკავებს, არ უპასუხა კითხვას, განიხილავს თუ არა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას.
„2028 წელზე საუბარს ნამდვილად აღარ ვაპირებ. უბრალოდ, აღარ ვისაუბრებ ამაზე“, - განაცხადა მან.
რუბიოს მანამდე ნათქვამი აქვს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს დაუჭერს მხარს.
„ჯეი დი ჩემი ძალიან კარგი მეგობარია. თუ ის პრეზიდენტობას გადაწყვეტს, ვფიქრობ, შესანიშნავი კანდიდატი იქნება. ეს საჯაროდაც მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: პირველი ვიქნები, ვინც მას მხარდაჭერას გამოუცხადებს“, - განუცხადა რუბიომ NBC News-ს მაისში.
გამოცემის ცნობით, ოთხშაბათს, არჩევნების შედეგების შეფასებისას, ჯეი დი ვენსმა სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ტრამპისგან დისტანცირება გამოჩნდა. ვიცე-პრეზიდენტმა „რესპუბლიკელების“ არჩევნებში მძიმე მარცხის ერთ-ერთ მიზეზად ირანთან ომი დაასახელა. მისი თქმით, „რესპუბლიკელები“ ასევე დაუპირისპირდნენ ადმინისტრაციის პოლიტიკას ისრაელის მიმართ და ეკონომიკურ საკითხებზე მის გზავნილებს.
კითხვაზე, ეთანხმებოდა თუ არა ვენსის შეფასებას, რუბიომ თავდაპირველად პირდაპირი პასუხისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში „რეალურად ჩართული არ არის“.
თუმცა, კვირას, კანზასში გამართულ პოლიტიკურ მიტინგზე ტრამპმა რუბიო სცენაზე მიიწვია და შეაქო. პრეზიდენტმა იხუმრა კიდეც, რომ შესაძლოა მისი გათავისუფლება მოუწიოს, რადგან ის „ზედმეტად პოპულარული“ გახდა. თავის მოკლე გამოსვლაში რუბიომ ტრამპი ამერიკელების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის შეაქო.
რუბიომ განმარტა, რომ მიტინგს ესწრებოდა, როგორც პრეზიდენტთან ერთად მყოფი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პასუხისმგებელი მაღალჩინოსანი. მან ასევე გაიხსენა ტრამპის განცხადება, რომ არჩევნების შედეგებზე გავლენა ირანთან ომმაც მოახდინა.
„ვაღიარებ, რომ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის მაღალი ფასები ისეთი საკითხი არ არის, რომლითაც საარჩევნო კამპანიის დროს თავს მოიწონებ“, - განაცხადა რუბიომ.
ამასთან, მისი თქმით, ტრამპი „უდიდეს აღიარებას იმსახურებს“ იმ გადაწყვეტილებების მიღებისთვის, რომლებიც საჭიროდ მიაჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამომრჩევლებისთვის პოპულარული არ იყო.
„საბოლოო ჯამში, ეს არის ლიდერობის ფასი - მზადყოფნა, გააკეთო ისეთი რამ, რაც შესაძლოა პოლიტიკურად პოპულარული ან ხელსაყრელი არ იყოს, მაგრამ აუცილებელია შენი ქვეყნისა და მისი გრძელვადიანი მომავლისთვის“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.



