AXIOS: ტრამპი ირანთან ომის განახლების შესახებ გადაწყვეტილებას მალე მიიღებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლებთან შეხვედრის შემდეგ მალე მიიღებს გადაწყვეტილებას, განაახლოს თუ არა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციები. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, არჩევნები ტრამპისთვის ერთგვარ გარდამტეხ მომენტად მიიჩნეოდა, რადგან ამის შემდეგ უნდა გადაეწყვიტა, დაიწყებდა თუ არა დაბომბვების ახალ ტალღას ომის დასრულების მიზნით.
ამ ეტაპზე პრეზიდენტი სამ ვარიანტს განიხილავს: ირანზე ახალი დარტყმების მიტანას, ირანის რეჟიმზე ეკონომიკური წნეხის გაგრძელებას ან თეირანთან შეთანხმების მიღწევას, რომელიც ირანისთვის მნიშვნელოვან დათმობებსაც მოიცავს.
აშშ-ის ორი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, ხუთშაბათს ტრამპმა და მისმა მთავარმა მრჩევლებმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში არჩევნების შემდეგ პირველად გამართეს შეხვედრა ირანის საკითხზე. შეხვედრა პრეზიდენტის ყოველკვირეული სადაზვერვო ბრიფინგის ფარგლებში გაიმართა.
„ახლა გადაწყვეტილებას მივიღებთ. გვინდა თუ არა დარტყმების გაგრძელება, რათა დავრწმუნდეთ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა განადგურებულია და ეს აღარასდროს განმეორდება. მირჩევნია, თუ ეს შესაძლებელი იქნება, ქვეყნის დარჩენილი ნაწილიც არ გავანადგურო, მაგრამ შესაძლოა ამის გაკეთება მომიწიოს. გადაწყვეტილების შესახებ მალე შეიტყობთ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში.
მაშინ, როდესაც ტრამპი შემდგომ ნაბიჯებს განიხილავდა, ხუთშაბათს დიპლომატიური მუშაობა გააქტიურდა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ რამდენიმე სატელეფონო საუბარი გამართა რეგიონულ შუამავლებთან კატარში, საუდის არაბეთში, თურქეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ომანსა და ეგვიპტეში, - წერს გამოცემა.
კატარის შუამავლები ირანთან და თეთრ სახლთან განაგრძობდნენ მოლაპარაკებებს შეთანხმების პროექტზე, რომელიც მხარეებისგან ორი დღის განმავლობაში ურთიერთნდობის გასაძლიერებლად რამდენიმე ნაბიჯის გადადგმას ითვალისწინებს.
პირველ დღეს აშშ საზღვაო ბლოკადას მოხსნიდა და ირანის გაყინული აქტივების ნაწილს გაათავისუფლებდა. სანაცვლოდ, ირანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ოფიციალურად მიიწვევდა, რათა მისმა ინსპექტორებმა დაბომბილი ბირთვული ობიექტები შეამოწმონ. ეს ერთი წლის წინ კაიროში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე უნდა გაკეთდეს, - აცხადებენ რეგიონული წყაროები.
მეორე დღეს ჰორმუზის სრუტე გაიხსნებოდა, რის შემდეგაც ბირთვული მოლაპარაკებები განახლდებოდა და ირანის მაღალგამდიდრებული ურანის მარაგებზე იქნებოდა ფოკუსირებული.



