ქართული ხმა ბახის სამყაროში - ანსამბლ „ბათუმის“ ტრიუმფალური სოლო კონცერტი ლაიფციგში, ისტორიულ თომასკირხეში
აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“, გერმანიაში საიუბილეო ტურნეს ფარგლებში, ლაიფციგის წმინდა თომას ეკლესიაში სოლო კონცერტით წარსდგა.
ქართული ხმა ბახის სამყაროში 1500 მაყურებლის წინაშე პირველად აჟღერდა.
ანსამბლის დაარსებიდან 35 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საგასტროლო ტურნე გერმანიაში აჭარის მთავრობის მხარდაჭერითა და აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება.
პროექტი მიზნად ისახავს ქართული კულტურის, უნიკალური პოლიფონიის საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენას, ეროვნული საშემსრულებლო ტრადიციების პოპულარიზაციასა და კულტურული კავშირების გაღრმავებას.თომასკირხესისტორიულ ტაძარში, სადაც ლეგენდარული გერმანელი კომპოზიტორი - იოჰან სებასტიან ბახი 27 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა, ანსამბლმა „ბათუმმა“ ქართული უნიკალური პოლიფონია უმაღლეს დონეზე წარმოადგინა. ქართულმა საგალობლებმა გერმანელი მსმენელი აღაფრთოვანა.
ლაიფციგში გამართულ ღონისძიებას აჭარის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ვლადიმერ მგალობლიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიისფედერაციულ რესპუბლიკაში, ალექსანდრე კარტოზია, საელჩოს მრჩეველი - დუდანა მაზმანიშვილი და გერმანიაში მცხოვრები ქართველები ესწრებოდნენ. ტურნეს ფარგლებში კონცერტები გაიმართა ბერლინის, დრეზდენის, ლაიფციგისა და მაგდებურგის კულტურული მემკვიდრეობის ისტორიულ ლოკაციებზე. ღონისძიებები აჭარის კულტურის სამინისტროს, გერმანული კომპანია „KulturLeben Berlin“-ისა და ,,Kolchi Events”-ის თანამშრომლობით იმართება.
ინფორმაციას აჭარის კულტურის სამინისტრო ავრცელებს.



