მერცმა განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს არ მოერიდება, თუ რუსეთის პრეზიდენტი დეკემბერში მაიამიში დაგეგმილ G20-ის სამიტს დაესწრება
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინთან საუბარს არ მოერიდება, თუ ეს უკანასკნელი დეკემბერში მაიამიში დაგეგმილ G20-ის სამიტს დაესწრება. თუმცა, ამ ეტაპზე ჯერ კიდევ უცნობია, გეგმავს თუ არა რუსეთის პრეზიდენტი აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას.
გერმანიის ქალაქ ჰაგენში მოქალაქეებთან საჯარო დიალოგის დროს, ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა დეკემბერში პუტინთან შეხვედრა, კანცლერმა აღნიშნა, რომ ასეთი დიალოგისთვის მზადაა.
„მასპინძელ მხარეს ყოველთვის აქვს უფლება, მოიწვიოს სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტრამპმა პუტინი მოიწვია. თუ ის იქ იქნება, ხელიდან არ გავუშვებ შესაძლებლობას, მასთან საუბარი გავმართო“, - განაცხადა მერცმა.



