დევნილთა დასახლებებში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა - ადგილზე მიხეილ სარჯველაძე იმყოფებოდა

დევნილთა დასახლებებში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა - ადგილზე მიხეილ სარჯველაძე იმყოფებოდა

იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, შიდა ქართლში მდებარე დევნილთა დასახლებებში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა - დევნილთა სააგენტომ შავშვების, ხურვალეთის, ბერბუკის, თელიანის, მეტეხისა და კარალეთის დასახლებებში მცხოვრებ 150-მდე ოჯახს სახლის იატაკის საფარი სრულად შეუცვალა, რომელიც მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული. განხორციელდა სრული დემონტაჟი და კაპიტალური განახლება, სამუშაოების დაგეგმვისას გათვალისწინებულ იქნა გარემო პირობებიც: გაკეთდა ჰიდროიზოლაცია და დათბუნება.

აღნიშნული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, სოფელ შავშვებში, დევნილ ოჯახებთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს მიიღო. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, მიხეილ სარჯველაძემ ჩატარებული სამუშაოები დაათვალიერა. უწყების ხელმძღვანელი ადგილობრივ მაცხოვრებლებსაც შეხვდა. მინისტრმა მათთან ერთად მნიშვნელოვანი საკითხები და დღის წესრიგში არსებული საჭიროებები განიხილა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დევნილთათვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. როგორც უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, სამინისტრო მუდმივად ახორციელებს დევნილთა დასახლებებში არსებული ვითარების მონიტორინგს და თითოეულ ახალ პროგრამას სწორედ ადგილობრივების საჭიროებების შესაბამისად გეგმავს.

შავშვების დასახლებაში ასევე იმყოფებოდნენ: მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.

ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.