აჭარაში „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო სახლებს პერსონალური ტრენინგები ჩაუტარდათ

აჭარაში „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო სახლებს პერსონალური ტრენინგები ჩაუტარდათ

აჭარაში „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო-სასტუმრო სახლებს პერსონალური ტრენინგები ჩაუტარდათ.

აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ერთი თვის განმავლობაში, თითოეულ საოჯახო-სასტუმრო სახლს ინდივიდუალურად სტუმრობდა ტრენერები და შეფ-მზარეულები, რომლებიც სერვირებისა და დასუფთავების სტანდარტების, ავთენტური, აჭარული კერძების მომზადების, შრომითი უსაფრთხოების, სურსათის უვნებლობის, განთავსების პორტალების მართვისა და ხელოვნური ინტელექტის სწორად გამოყენების მიმართულებით ატარებდნენ პერსონალურ ტრენინგებს. სატრენინგო პროგრამაში „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე 10 საოჯახო-სასტუმრო სახლის მასპინძელი მონაწილეობდა, რომლებმაც სტატუსი მიმდინარე წელს მიიღეს.

პროექტი „კარგი მასპინძელი“ რეგიონში საოჯახო-სასტუმრო სახლების წახალისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით 2024 წელს დაიწყო. ჯამში აჭარაში 20-მდე „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო-სასტუმრო სახლი ფუნქციონირებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო-სასტუმრო სახლებს ეხმარება ობიექტების პოპულარიზაციაში, რაც მოიცავს ფოტო-ვიდეო მასალების შექმნას, მანიშნებლების დადგმას, ტრენინგებს სერვისის მიმართულებით, გამოცდილების გაზიარების მიზნით ინფოტურებში ჩართულობასა და ბრენდირებული სუვენირებით უზრუნველყოფას.

ის ევროპული მოდელის „Good Host“-ის ანალოგია და მიზნად ისახავს, ქალაქგარეთ გამორჩეული სტუმარმასპინძლობის, ავთენტური გარემოს, ვიზუალის მქონე საოჯახო-სასტუმროების პოპულარიზაციასა და სტიმულირებას განავითარონ ტურისტული ბიზნესი. „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მისაღებად საჭიროა მასპინძელი ფლობდეს მოწესრიგებულ საოჯახო-სასტუმრო სახლს, ქმნიდეს დასვენებისთვის საჭირო პირობებსა და კომფორტულ გარემოს, ზრუნავდეს სერვისის გაუმჯობესებასა და ავთენტიკური გარემოს შენარჩუნებაზე. პროექტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციასა და ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მოამზადა.