სომხეთის ციხეში ოპოზიციური პარტია “ძლიერი სომხეთის“ წევრი გარდაიცვალა

სომხეთის ციხეში ოპოზიციური პარტია “ძლიერი სომხეთის“ წევრი გარდაიცვალა

სომხეთში, ნუბარაშენის პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს დილით სომეხი ოპოზიციონერი არსენ გევორგიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, გევორგიანი 25 ოქტომბერს ქალაქ სტეფანავანის საკრებულოს არჩევნებში პარტია „ძლიერი სომხეთის“ საარჩევნო სიას ხელმძღვანელობდა.

„10 ნოემბერს, დაახლოებით 07:55 საათზე, სომხეთის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ ნუბარაშენის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი, 1980 წელს დაბადებული ბრალდებულისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. დაახლოებით 08:30 საათზე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბრალდებულის ბიოლოგიური სიკვდილი დააფიქსირა“, - განაცხადა პენიტენციური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნონა ნავიკიანმა.

გევორგიანი 21 ოქტომბერს, სტეფანავანის საკრებულოს არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე დააკავეს. იმავე დღეს ანტიკორუფციულმა სასამართლომ მისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო.

ანტიკორუფციული კომიტეტის მიერ წარდგენილი ბრალდების თანახმად, გევორგიანმა რამდენიმე ათეულ ამომრჩეველს ფული გადასცა იმ პირობით, რომ ისინი ხმას პარტია „ძლიერ სომხეთს“ მისცემდნენ. გევორგიანი ბრალდებას არ აღიარებდა.