თეთრი სახლის ცნობით, დონალდ ტრამპის, ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის სამმხრივი შეხვედრა 19 ნოემბერს გაიმართება

თეთრი სახლის ცნობით, დონალდ ტრამპის, ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის სამმხრივი შეხვედრა 19 ნოემბერს გაიმართება

აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების სამმხრივი შეხვედრა 19 ნოემბერს გაიმართება, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ოლივია უეილსმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც „როიტერი“ წერს, დონალდ ტრამპის, ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ფორუმის ფარგლებში, ჩინეთის ქალაქ შენჟენში გაიმართება. ეს იქნება აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების პირველი ერთობლივი შეხვედრა.

თეთრი სახლის პრესსპიკერის ინფორმაციით, შეხვედრისას დონალდ ტრამპი ბირთვული იარაღის საფრთხეზე ისაუბრებს.

„პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ, სხვა საკითხებთან ერთად, მსოფლიოში ბირთვული იარაღის შემცირების საკითხს განიხილავს, რადგან პრეზიდენტი ტრამპი მის გავრცელებას ძალიან სახიფათოდ მიიჩნევს“, – აღნიშნა უეილსმა.

ამასთან, როგორც „როიტერს“ ანონიმურმა წყარომ განუცხადა, აშშ-ის პრეზიდენტი პუტინთან და სი ძინპინთან შეხვედრისას ირანის წინააღმდეგ ომის საკითხის განხილვას გეგმავს. მისივე თქმით, მოსალოდნელი არ არის, რომ შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის ომის საკითხი წამოიჭრას.

„ბოლო პერიოდში რუსებთან ბევრი შეხვედრა გვქონდა, თუმცა ჩინეთი ამ მიმართულების ნაწილი არ არის, ამიტომ უკრაინის საკითხის განხილვა იქ მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია“, – განაცხადა ანონიმურმა წყარომ.