ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, შრომის ინსპექციის სამსახური „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მთავარი აღმასრულებელი უწყებაა. მისი თქმით, სამსახურის 6 დეპარტამენტში 190-მდე თანამშრომელია დასაქმებული. სამსახურის 150 თანამშრომელი უშუალოდ ინსპექტირებას ატარებს. ბექა ფერაძემ კომიტეტის წევრებს სამსახურის საქმიანობის სტატისტიკური მონაცემები გააცნო და აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით ინსპექტირების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

„შრომის უსაფრთხოების ნორმებზე ზედამხედველობის მხრივ 4312 ინსპექტირება ჩატარდა. ინსპექტირება 42 ათასამდე დასაქმებულ პირს შეეხო. გამოვლენილი დარღვევების შესაბამისად, 25 ათასამდე მითითება გაიცა და 2400-მდე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა“, - აღნიშნა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა.

მისი თქმით, 2024 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის შემცირებული ინციდენტებისა და სამუშაო ობიექტებზე დასაქმებულ პირთა ფატალური უბედური შემთხვევების რაოდენობა. რაც შეეხება შრომით უფლებებზე განხორციელებულ ზედამხედველობის საკითხებს, როგორც ბექა ფერაძემ აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში 35 ათასამდე დასაქმებული პირის ინსპექტირება ჩატარდა და 3658 მითითება გაიცა.

მომხსენებელმა კომიტეტის სხდომაზე შრომით ურთიერთობებში გამოვლენილ დისკრიმინაციულ მიდგომაზე, შრომითი მიგრაციის საკითხებზე, ცნობიერების ამაღლების მიზნით გატარებულ ღონისძიებებსა და სამსახურის მანდატის ფარგლებში აქტივობებზე ილაპარაკა.

შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის ანგარიშის განხილვა კითხვა-პასუხის ფრომით გაგრძელდა.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძის შეფასებით, შრომის ინსპექციის სამსახურს შრომითი უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების ინსპექტირების კუთხით, მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს, რასაც წარმოდგენილი ანგარიშიც მოწმობს. მან სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში დადებითად შეაფასა.