2026 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში 536 377 ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები დასრულდა
სამტრედიის მუნიციპალიტეტში 2026 წელს განხორციელებული კაპიტალური პროექტების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და საირიგაციო მომსახურების ხარისხი, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განცხადებით, მუნიციპალიტეტში უკვე დასრულდა კოპიტნარის აეროპორტის ტერიტორიიდან გამომავალი არხებისა და კოლექტორების წმენდითი სამუშაოები, ასევე, მოეწყო მილხიდი. ორივე პროექტის ჯამური ღირებულება 536 377 ლარს შეადგენს.
დაგეგმილია ხონი-სამტრედიის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის მონაკვეთისა და გამანაწილებლების რეაბილიტაცია. პროექტის საორიენტაციო ღირებულება 8 მილიონი ლარია. მისი დასრულების შედეგად, სამტრედიაში 2 545 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება წყალუზრუნველყოფა.
სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარება აქტიურად მიმდინარეობს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. 2026 წელს იმერეთში ჯამში 2.8 მილიონი ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები განხორციელდება, რომელთა შედეგად, 4 775 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 4 პროექტი - დიმი-როკითის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია და მაგისტრალური არხის საწყისი მონაკვეთის რეაბილიტაცია, ასევე, ხოდაბუნის სარწყავი სისტემისა და აჯამეთის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია/მოდერნიზაცია.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ხონი-სამტრედიის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის გარდა, იმერეთში განხორციელდება 2 600 120 ლარის ღირებულების კიდევ 2 პროექტი: ვარციხის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობისა და ეწერის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია. შედეგად, 1 300 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირებისთვის, კაპიტალურ პროექტებთან ერთად, იმერეთში საექსპლუატაციო სამუშაოებიც აქტიურად მიმდინარეობს. გაიწმინდა და მოწესრიგდა 148 კმ სიგრძის სამელიორაციო არხები, შეიცვალა და შეკეთდა სხვადასხვა ტიპის 110 ჰიდროტექნიკური ნაგებობა.
ფერმერებისთვის საიმედო წყალმომარაგების მიზნით, შპს „საქართველოს მელიორაცია“ მუნიციპალიტეტებში ეტაპობრივად ახორციელებს სამშენებლო-სარეაბილიტაციო და საექსპლუატაციო სამუშაოებს.