FT: ევროპელი ავტომწარმოებლები იაფი ჩინური ავტომობილების შემოდინების ფონზე სამუშაო ადგილებს მასობრივად ამცირებენ
ევროპელი ავტომწარმოებლები მასობრივად ამცირებენ სამუშაო ადგილებს, მაშინ როდესაც ჩინეთში წარმოებული იაფი ავტომობილები ევროპულ ბაზარზე სულ უფრო დიდი რაოდენობით შედის. სტატიას ამ შინაარსით Financial Times-ი ავრცელებს.
ბრიუსელი პეკინს საკუთარი საავტომობილო მრეწველობის ექსპანსიის შეზღუდვისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უფრო მაღალი ტარიფების დაწესებით იმუქრება, წერს გამოცემა.
„თუ ისინი ჩვენს ბაზარზე ექსპორტს არ შეზღუდავენ, ამას ჩვენ გავაკეთებთ“, - განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა. მისი თქმით, მიზანი „დეინდუსტრიალიზაციის შეჩერებაა“.
„ჩვენ მოქმედება გვჭირდება. ეს მართული ვაჭრობის საკითხია“, - აღნიშნა მან.
წყაროების ინფორმაციით, ბრიუსელი პეკინისგან ვალდებულების აღებას ცდილობს, რომ ჩინეთში წარმოებული ჰიბრიდული ავტომობილების წილი ევროკავშირის ბაზარზე დაახლოებით 15%-ით შეიზღუდოს, მაშინ როდესაც ამჟამად ის მესამედზე მეტს შეადგენს.
ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებით, ბრიუსელმა ჩინეთს სხვა პროდუქტების, მათ შორის ქიმიური პროდუქციის ექსპორტის შეზღუდვაც შესთავაზა. ამასთან, ევროკავშირი ჩინეთისგან ევროპული პროდუქციის იმპორტის გაზრდასაც ითხოვს.
ევროკავშირმა მიმდინარე წლის ოქტომბერი საბოლოო ვადად დაასახელა ჩინეთთან მზარდი სავაჭრო დეფიციტის შემცირების მიმართულებით „ხელშესახები შედეგების“ მისაღწევად. ამ მიზნით მხარეებმა ევროკავშირი-ჩინეთის სავაჭრო და საინვესტიციო კონსულტაციების ფორუმი შექმნეს, რომლის მიზანიც ბაზარზე წვდომასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაა.
ევროკავშირის სავაჭრო დეფიციტმა ჩინეთთან დღეში დაახლოებით 1 მილიარდ ევროს მიაღწია და „კრიტიკულ ზღვარს“ მიუახლოვდა, განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
„ჩინეთის მეორე შოკი... უკვე აქ არის“, - განაცხადა მან ევროპარლამენტში ყოველწლიური გამოსვლისას.
Financial Times-ის ინფორმაციით, ჩინეთიდან ევროკავშირში ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტი 2024 წლის ოქტომბერში 3 800 ერთეულიდან 2026 წლის ივლისში 50 000-მდე გაიზარდა, ანუ ათჯერ. ამასთან, ავტომობილების საშუალო ფასებიც შემცირდა.
Volkswagen-ის და სხვა კომპანიების წარმომადგენლები ევროკავშირისგან იმპორტირებულ ჰიბრიდულ ავტომობილებზე ანალოგიურად მკაცრი ტარიფების დაწესებას ითხოვენ.
ევროკომისიაში იმედოვნებენ, რომ პეკინი ნებაყოფლობით შეზღუდვებს დათანხმდება, რაც ბრიუსელის მიერ მოლაპარაკებებზე დაფუძნებული გადაწყვეტის ძიებას გაამყარებს.