ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებზე ისაუბრა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მსოფლიოში არსებული ეკონომიკური, თუ პოლიტიკური დაძაბულობისა, საქართველოში ბოლო წლებში შენარჩუნებულია მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია, რაც მიუთითებს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობაზე გარე შოკების მიმართ.
„საქართველოს ეკონომიკა გლობალური და რეგიონული გამოწვევების მიუხედავად, ინარჩუნებს ზრდის პოზიტიურ დინამიკას. ამასთან, საშუალოვადიან პერიოდში, ხორციელდება ეკონომიკური ზრდის დივერსიფიკაცია, პროდუქტიულობის ამაღლება, კერძო ინვესტიციების წახალისება და ექსპორტის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება. აღნიშნული მიმართულებები ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის უფრო მდგრადი საფუძვლის ჩამოყალიბებასა და გარე შოკების მიმართ ქვეყნის ეკონომიკური მედეგობის გაუმჯობესებას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
გამოსვლისას მან ისაუბრა ქვეყნის სუვერენული რეიტინგების შესახებაც და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს, სამივე საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ (Fitch-მა, S&P Global-მა და Moody’s-მა) გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს გონივრულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას.
„აღნიშნული შეფასებები განპირობებულია: ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპით, ფისკალური პოლიტიკის მდგრადობით, მაკროეკონომიკური პარამეტრების სტაბილურობითა და საერთაშორისო რეზერვების ზრდით. ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების მიმართულებით დადებითი მოლოდინები შენარჩუნდება მომდევნო წლებშიც. რა თქმა უნდა, სარეიტინგო კომპანიების შეფასებები მნიშვნელოვანია, თუმცა, კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია უშუალოდ ინვესტორების ნდობა ჩვენი ეკონომიკის მიმართ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო ინსტიტუციური ინვესტორები აფასებენ არამხოლოდ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და მის სამომავლო პერსპექტივას, არამედ საკუთარ ფულად რესურსებს ანდობენ საშუალოვადიან პერიოდში, ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკურ და ფისკალურ სტაბილურობას.



