მედია: ტენესის შტატის გუბერნატორმა წლის ბოლომდე სიკვდილით დასჯის განაჩენების აღსრულება შეაჩერა მას შემდეგ, რაც 50 წლის კრისტა პაიკი ორი დოზა ლეტალური ინიექციის მიღების შემდეგაც გადარჩა

მედია: ტენესის შტატის გუბერნატორმა წლის ბოლომდე სიკვდილით დასჯის განაჩენების აღსრულება შეაჩერა მას შემდეგ, რაც 50 წლის კრისტა პაიკი ორი დოზა ლეტალური ინიექციის მიღების შემდეგაც გადარჩა

ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ის ტენესის შტატში 1995 წელს ჩადენილი მკვლელობისთვის კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ლეტალური ინიექციის შემდეგ ვერ მოხერხდა. 50 წლის პაიკს პენტობარბიტალის ორი დოზა გაუკეთეს, თუმცა ის ცოცხალი დარჩა, რის გამოც ტენესის გუბერნატორმა ბილ ლიმ შტატში წლის ბოლომდე დაგეგმილი სიკვდილით დასჯის განაჩენის აღსრულება შეაჩერა.

პაიკის ადვოკატების განცხადებით, ის ციხიდან სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

პაიკის სიკვდილით დასჯა 30 სექტემბერს იყო დაგეგმილი. ის 18 წლის იყო, როდესაც 1995 წელს 19 წლის კოლინ სლემერის მკვლელობაში მიიღო მონაწილეობდა. მისი სიკვდილით დასჯა, განხორციელების შემთხვევაში, ტენესის შტატში ბოლო 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქალის პირველი აღსრულებული სასიკვდილო განაჩენი იქნებოდა.

სიკვდილით დასჯის დაწყებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ პროცედურა დროებით შეაჩერა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა და სამართალდამცველებს სიკვდილით დასჯის განხორციელების შესაძლებლობა მისცა.

პაიკის ადვოკატების განცხადებით, მას პენტობარბიტალის ორი დოზა გაუკეთეს. მოწმეების ინფორმაციით, მეორე დოზის მიღების შემდეგაც ის სუნთქავდა და ხვრინავდა. მოგვიანებით მედიის წარმომადგენლებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

ტენესის გუბერნატორმა ბილ ლიმ განაცხადა, რომ მომხდარის მიზეზების დასადგენად „სრულყოფილ, დამოუკიდებელ შეფასებას“ ჩაატარებენ და შტატში წლის ბოლომდე დაგეგმილი დარჩენილი სიკვდილით დასჯა აღარ განხორციელდება.

„კანონიერად დაკისრებული სასჯელის აღსრულება შტატის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა. ტენესის მოსახლეობა მოელის, რომ ეს პროცესი განხორციელდება ისე, რომ ის იყოს არა მხოლოდ კანონიერი და კონსტიტუციასთან შესაბამისი, არამედ ეფექტურიც“, - განაცხადა ლიმ.

ტენესის სასჯელაღსრულების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ თანამშრომლებმა სიკვდილით დასჯის შესახებ შტატის მიერ დამტკიცებული პროტოკოლის ყველა ეტაპი დაიცვეს.

შტატის მოქმედი პროტოკოლის მიხედვით, თუ პირველი დოზის შემდეგ პატიმარი გარდაცვლილი არ არის, დამატებით უნდა გამოიყენონ პრეპარატის მეორე კომპლექტი. თუმცა დოკუმენტში არ არის განმარტებული, რა უნდა გაკეთდეს იმ შემთხვევაში, თუ პატიმარი მეორე დოზის შემდეგაც ცოცხალია.

Death Penalty Information Center-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რობინ მაერმა განაცხადა, რომ პაიკის შემთხვევა „უნიკალური და უპრეცედენტოა“.

მისი თქმით, სხვა შემთხვევებში შვიდმა ადამიანმა სიკვდილით დასჯის პროცესს სამედიცინო პრობლემების გამო გადაურჩა, მათ შორის მაშინ, როდესაც სპეციალურმა ჯგუფებმა ლეტალური ინიექციისთვის ვენაში კათეტერის მოთავსება ვერ შეძლეს. თუმცა, მაერის განცხადებით, აქამდე არ დაფიქსირებულა შემთხვევა, როდესაც ადამიანს ლეტალური ინიექციისთვის განკუთვნილი პრეპარატები უკვე ჰქონდა მიღებული და ამის შემდეგაც ცოცხალი დარჩენილიყო.

მედიის ცნობით, ეს ტენესიში წელს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც შტატმა სიკვდილით დასჯის განხორციელება ვერ შეძლო. მაისში მოქალაქე ტონი კარუტერის შემთხვევაში პროცედურა მას შემდეგ შეწყდა, რაც თანამშრომლებმა პენტობარბიტალის შესაყვანად საჭირო ინტრავენური ხაზი ვერ დაამონტაჟეს.