სპორტის მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოში ოლიმპიური მოძრაობის ერთ-ერთ ფუძემდებელს ემზარ ზენაიშვილს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა
სპორტის მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოში ოლიმპიური მოძრაობის ერთ-ერთ ფუძემდებელს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალურ მდივანს, ემზარ ზენაიშვილს ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.
ემზარ ზენაიშვილი იყო საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი ზაფხულისა და ზამთრის არაერთ ოლიმპიურ თამაშებზე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიებსა და კონგრესებზე. სხვადასხვა დროს არჩეული იყო საქართველოს
ჩოგბურთის, ხელბურთის, ჭადრაკის, ფეხბურთის ფედერაციებსა და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელ ორგანოებში.
ემზარ ზენაიშვილი არის სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი, რამდენიმე წიგნის ავტორი და რედაქტორი. 1999 წელს მიენიჭა ღირსების ორდენი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნებისთვის, სპორტის ოლიმპიურ სახეობათა განვითარებისთვის, ოლიმპიზმის იდეების გავრცელებაში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის.