უნგრეთის პრემიერი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ერთმანეთს სოციალურ ქსელში „კარპატების რვიანის“ გამო დაუპირისპირდნენ
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი სოციალურ ქსელ X-ში ღამით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგას დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ უნგრეთს „კარპატების რვიანში“ (C8) გაწევრიანებაზე თანხმობა არასდროს განუცხადებია.
ზელენსკიმ C8 გასულ პარასკევს რეგიონული ინვესტიციების წახალისების მიზნით დააფუძნა და უნგრეთი მისი წევრების სიაში შეიყვანა. თუმცა, ორშაბათს ბუდაპეშტმა პროექტში ყოველგვარი მონაწილეობა უარყო და აღნიშნა, რომ გაწევრიანებაზე მოწვევა უარყოფილი იყო.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში სიბიგამ მადიარი უკრაინასთან მიმართებით ვიქტორ ორბანის პოლიტიკის გაგრძელებაში დაადანაშაულა.
„ის, რაც ბოლო დროს ბუდაპეშტიდან გვესმის, გაოგნებულებს გვტოვებს. თითქოს ვიქტორ ორბანი წავიდა, მაგრამ მისი ობსტრუქციონიზმისა და იზოლაციონიზმის პოლიტიკა ყვავის,“ - დაწერა სიბიგამ X-ზე და დასძინა, რომ მადიარის განცხადებები უსაფუძვლოდ კონფრონტაციული იყო.
„მიუხედავად ამ განცხადებებისა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის მზაობასა და გახსნილობას, განავითაროს უნგრეთთან ორმხრივად სასარგებლო, პრაგმატული და პატივისცემაზე დამყარებული თანამშრომლობა“, - დაწერა სიბიგამ.
მადიარმა მას კომენტარში უპასუხა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უნგრეთი C8-ის სიაში მისი თანხმობის გარეშე შეიყვანეს.
„მე თქვენ გეხმარებით. იმის მტკიცება, რომ სუვერენული ქვეყანა საერთაშორისო თანამშრომლობის წევრია წინასწარი კონსულტაციისა თუ თანხმობის გარეშე, სრულიად მიუღებელია“, - დაწერა მან და საფეხბურთო კლუბთან ანალოგია გაავლო, რომელიც სამეზობლოდან უცნობ მოთამაშეს კითხვის გარეშე იფორმებს: „ერთმანეთს არ ვიცნობთ, მაგრამ შენ შემადგენლობაში ხარ და ბურთიც შენ უნდა მოიტანო“, - წერს მადიარი.
უნგრული გამოცემა Telex-ის ცნობით, უნგრეთის ელჩი უკრაინაში პარასკევს C8-ის შეხვედრას ესწრებოდა, თუმცა სამიტის დასკვნით დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.