მარკო რუბიო: რუსეთ-უკრაინის ომი არ დასრულდება რომელიმე მხარის დამაჯერებელი სამხედრო გამარჯვებით. ის შეთანხმებით დასრულდება

მარკო რუბიო: რუსეთ-უკრაინის ომი არ დასრულდება რომელიმე მხარის დამაჯერებელი სამხედრო გამარჯვებით. ის შეთანხმებით დასრულდება

მარკო რუბიომ რადიოსადგურ WABC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ენერგეტიკული ზავის შესახებ შეთანხმება „ამ ეტაპზე არ არსებობს“. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ეს ომი რომელიმე მხარის „სამხედრო გამარჯვებით“ კი არა, მოლაპარაკებების გზით დასრულდება.

„ამ ეტაპზე ენერგეტიკული შეთანხმება არ არსებობს, თუმცა ეს ომი არცერთ მხარეს არ აწყობს, ამიტომ მისი შეჩერება სრულიად ლოგიკურია. სამწუხაროდ, საგარეო პოლიტიკაში ის, რაც ლოგიკურია, ყოველთვის არ ხდება,“ - აღნიშნა რუბიომ.

მისივე განცხადებით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და აშშ-ის ადმინისტრაცია მზად არიან, გამოიყენონ ნებისმიერი შესაძლებლობა მხარეებს შორის უთანხმოების გადასალახად.

„ომი არ დასრულდება რომელიმე მხარის დამაჯერებელი სამხედრო გამარჯვებით. ის შეთანხმებით დასრულდება და რაც უფრო სწრაფად მოხდება ეს, მით ნაკლები ადამიანი დაიღუპება და ნაკლები ნგრევა იქნება“, - განაცხადა რუბიომ.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსულ მხარეს ენერგეტიკული ზავის შესახებ უკრაინულ წინადადებას გადასცემდა.