ამერიკული კომპანია, რომელიც პენტაგონსა და საიდუმლო სამსახურს პროგრამულ უზრუნველყოფას აწვდიდა, რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნოდა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა და ფედერალურმა პროკურატურამ ბრალი წარუდგინეს ვირჯინიაში რეგისტრირებული ციფრული ექსპერტიზისა და მონაცემთა ანალიზის კომპანია Oxygen Forensics-ის გენერალურ დირექტორს, 55 წლის ლი რაიბერსა და კომპანიის რუს დამფუძნებელს, 52 წლის ოლეგ დავიდოვს. მათ აშშ-ის პენტაგონის, საიდუმლო სამსახურისა და ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის მოტყუება და კომპანიის რეალური რუსი მფლობელების დამალვა ედებათ.
ლი რაიბერი 22 სექტემბერს აიდაჰოში დააკავეს და გირაოთი გაათავისუფლეს, ოლეგ დავიდოვი კი ლონდონის ჰითროუს აეროპორტში, საიდანაც მის ექსტრადიციას ელოდებიან. ორივეს ელექტრონული თაღლითობის მუხლით 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გამოძიების თანახმად, Oxygen Forensics-ი რეალურად დავიდოვს და კიდევ ოთხ რუსეთის მოქალაქეს ეკუთვნის. ეს იგივე პირები არიან, რომლებიც მოსკოვში ფლობენ კომპანია MKO Systems-ს (ყოფილი Oxygen Software). აღნიშნული რუსული კომპანია პროგრამულ უზრუნველყოფას რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს, საგამოძიებო კომიტეტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აწვდიდა.
2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და სანქციების დაწესების შემდეგ, დამფუძნებლებმა კომპანიის ამერიკულ ფილიალში გენერალურ დირექტორად ამერიკელი ლი რაიბერი დანიშნეს. რაიბერმა აშშ-ის მთავრობას ოფიციალურად დაუდასტურა, რომ კომპანიას არ ჰყავდა უცხოელი მფლობელები და პროგრამული უზრუნველყოფა აშშ-ში იქმნებოდა. სინამდვილეში, კოდს რუსეთში მყოფი დეველოპერების გუნდი წერდა.
ამერიკელი პროკურორების განცხადებით, უწყებების IT-ინფრასტრუქტურაზე არასანქცირებული წვდომა არ დაფიქსირებულა, თავად პროგრამაში კი მავნე ელემენტები არ აღმოჩენილა.