მიხეილ სარჯველაძე აშშ-ში არაგადამდები დაავადებების ალიანსის ხელმძღვანელებს შეხვდა
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე არაგადამდები დაავადებების ალიანსის (NCD Alliance) აღმასრულებელ დირექტორ კეთი დეინს და პოლიტიკისა და ადვოკატირების მენეჯერ მარიკე კრემინს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და მართვის სფეროში გატარებული რეფორმები და ქვეყნის გამოცდილება განიხილეს. საუბარი შეეხო კიბოს პრევენციასა და სკრინინგს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ჰიპერტენზიისა და დიაბეტის ადრეულ გამოვლენასა და მართვას, ასევე ქრონიკული დაავადებების მართვაში პირველადი ჯანდაცვის როლის გაძლიერებას.
მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს გამოცდილებაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ არაგადამდები დაავადებების მართვის მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პრევენციას, ადრეულ დიაგნოსტიკასა და პაციენტის უწყვეტ მეთვალყურეობას. მხარეებმა ასევე განიხილეს ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილება და ჯანდაცვის სისტემებში ეფექტიანი მიდგომის დანერგვის შესაძლებლობები.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და მართვის მხრივ არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე და იმ პრაქტიკულ ნაბიჯებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს პრევენციული სერვისების გაძლიერებას, დაავადებების ადრეულ გამოვლენასა და პაციენტების მართვის ხარისხის გაუმჯობესებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლელა სულაბერიძე.
ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.