გიორგი ჯინჭარაძე ბერლინში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ბერლინში მცხოვრები ქართველი თანამემამულეები, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები.
გიორგი ჯინჭარაძემ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთის მთავრობის პროგრამების, მნიშვნელოვანი პროექტებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები თანამოქალაქეების მონაწილეობით ხორციელდება და აფხაზეთის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ილაპარაკა სამშვიდობო პროცესებში აფხაზეთიდან დევნილი ემიგრანტების როლის გაძლიერებაზე.
„განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ შეხვედრის მონაწილეებს შორის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ჩვენი თანამემამულეებიც იყვნენ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ქართველ ემიგრანტებთან ურთიერთობა, მხარი დავუჭიროთ მათ ინიციატივებს და კიდევ უფრო გავაძლიეროთ კავშირი საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მათგანმა იგრძნოს ყურადღება და იცოდეს, რომ, სიშორის მიუხედავად, სამშობლოსთან მათი კავშირი არ წყდება“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმით წარიმართა. მონაწილეებმა განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების გაღრმავებას, ერთობლივი ღონისძიებებისა და ქართულ-აფხაზური კულტურული შეხვედრების ორგანიზებას.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე კარტოზია ესწრებოდნენ.
ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.



