შალვა პაპუაშვილი: ვინც ლევილის მამულში ნამყოფია, მიხვდება, თუ რა მასშტაბის სამუშაო ჩატარდა - შენობებთან ერთად მთლიანად ტერიტორია არის გამწვანებული, დარგულია ვაზი და მართლაც პატარა საქართველოა საფრანგეთში
ლევილი ყოველთვის ემოციურია, ვინაიდან წარმოიდგენ, ათწლეულების განმავლობაში როგორ ინახავდა ჩვენი ემიგრაცია საქართველოს დამოუკიდებლობის იმედს. მართალია, ზოგიერთი მათგანი ვერც დაბრუნდა დამოუკიდებელ საქართველოში, მაგრამ დამოუკიდებელი საქართველო დაბრუნდა ლევილში და დღეს ეს ტერიტორია, ეს მამული საქართველოს სახელმწიფოს ნაწილია საფრანგეთს შუაგულში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, დღეს ჩვენი სახელმწიფოსთვის და ჩვენი ერისთვის ისტორიული მომენტია.
„ლევილი, რომელიც ჩვენს ფიქრებსა და წარმოდგენებში არსებობდა, როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობის შემნახველი კუნძული, ჩვენი ქვეყნის გარეთ, როდესაც ის საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ იყო, ეს მამული საქართველოს სახელმწიფოს დაუბრუნდა და აღორძინდა იმ მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, რომლებიც დამოუკიდებელ სახელმწიფოს სჭირდება.
ვინც ლევილის მამულში ნამყოფია, მიხვდება, თუ რა მასშტაბის სამუშაო ჩატარდა აქ, შენობებთან ერთად მთლიანად ტერიტორია არის გამწვანებული, დარგულია ვაზი და მართლაც პატარა საქართველოა საფრანგეთში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საფრანგეთში ლევილის ქართველთა მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ღონისძიება გაიმართა.