ბათუმში მოქმედი საკონსულოების წარმომადგენლებთან შეხვედრების ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურ კონსულს მოჰამად მოვაჰედს შეხვდა
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში, ბათუმში მოქმედი საკონსულოების წარმომადგენლებთან შეხვედრების ფარგლებში, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურ კონსულთან მოჰამად მოვაჰედთან. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
შეხვედრაზე ქვეყნებს და რეგიონებს შორის არსებული ურთიერთობები, სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები და სხვა აქტუალური საკითხები განიხილეს. მოჰამად მოვაჰედმა აღნიშნა, რომ პირველი ოფიციალური შეხვედრა სწორედ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან გამართა.
ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა აბრეშუმის გზის მნიშვნელობას ხალხთა შორის ურთიერთობების გაძლიერებისა და სავაჭრო კავშირების გაღრმავების კონტექსტში, ისაუბრა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებასა და მეზობელ ქვეყნებში აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერების და რეგიონების განვითარების წინაპირობაა.



