ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს ივანიშვილის რეჟიმია, დირექტივა აქვთ მიღებული აკრძალონ არასამთავრობო თუ ოპოზიციის წარმომადგენლები

ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს ივანიშვილის რეჟიმია, დირექტივა აქვთ მიღებული აკრძალონ არასამთავრობო თუ ოპოზიციის წარმომადგენლები

ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს ივანიშვილის რეჟიმია. მათ მიიღეს დირექტივა ანაკლიის პორტის არაშენების შესახებ, მიხეილ სააკაშვილის და სხვა ლიდერების დაკავების შესახებ, ევროპული ინტეგრაციის შეჩერების შესახებ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

ირაკლი ფავლენიშვილს კითხვა დაუსვეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებაზე: „ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების უდიდესი უმრავლესობა უცხო ძალების მორჩილებაში მყოფი აგენტურული ჯგუფია, რომელსაც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ვუწოდებთ. ისინი ერთი ვერტიკალით იმართებიან“.

„სხვაზე საუბარი ყოველთვის ნიშნავს, რომ თავისი ჭირი, რაც აქვთ, სურთ სხვას დააბრალონ. აქ ბრძოლა მიდის დემოკრატიისთვის. აქ ბრძოლა მიდის იმისთვის, რომ საქართველოს ოპოზიციური სპექტრი არსებობდეს, თავისუფალი მედია არსებობდეს, მათ შორის არსებობდეს სამოქალაქო საზოგადოება. ეს რეჟიმიც უნდა შეიცვალოს, მაგრამ, როცა ამბობენ, ბრძოლა მიმდინარეობსო, ბრძოლა მიმდინარეობს იმისთვის, რომ გადავრჩეთ და დავამარცხოთ, საბოლოო ჯამში, რუსული რეჟიმი. ამიტომ, თუ ვინმეს აქვს ამ ბრძოლაში დირექტივა მიღებული, დირექტივა აქვს მიღებული ივანიშვილს, რომ კრიტიკულად მოაზროვნე ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის არასამთავრობო თუ ოპოზიციის წარმომადგენლები, აკრძალოს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.