ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთის მიერ კიევის ოლქზე იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი აზერბაიჯანის მოქალაქეა

ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთის მიერ კიევის ოლქზე იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი აზერბაიჯანის მოქალაქეა

რუსეთის მიერ კიევის ოლქზე იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი აზერბაიჯანის მოქალაქეა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რუსეთი მთელი ღამის განმავლობაში უტევდა უკრაინის რეგიონებს – კიევში დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა და ბენზინგასამართი სადგურები.

ზელენსკის ცნობით, ამასთან, ხარკოვზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 28 ადამიანი, მათ შორის ცხრა ბავშვი დაშავდა.

„რუსეთი მთელი ღამის განმავლობაში აგრძელებდა ჩვენი რეგიონების დაბომბვას. ხარკოვში საცხოვრებელ მაღალსართულიან კორპუსზე სასტიკი დარტყმა განხორციელდა, ნაწილობრივ განადგურდა შენობის მეორე და მეოთხე სართულები. კიევში დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა და ბენზინგასამართი სადგურები. გაანადგურეს ჩვეულებრივი კაფე და დედაქალაქში სასურსათო ბაზრის დაწვასაც ცდილობდნენ. ოდესის ოლქში დაზიანდა პალაუს დროშის ქვეშ მცურავი გემი. ჟიტომირის ოლქში დაზიანდა ნაყინის ქარხანა. საცხოვრებელი შენობები დაზიანდა სუმის, რივნის, ხარკოვისა და ოდესის ოლქებში. კრიტიკული ინფრასტრუქტურა თავდასხმის სამიზნე გახდა ვინიცის, დნეპროპეტროვსკის, ხმელნიცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში. საგანგებო სამსახურები ყველგან მუშაობენ, სადაც მათი დახმარებაა საჭირო. მხოლოდ ხარკოვზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 28 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ცხრა ბავშვია. სამწუხაროდ, არიან დაღუპულებიც. კიევის ოლქში ორი ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი აზერბაიჯანის მოქალაქეა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს“, – წერს ზელენსკი.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებსა და პარტნიორებს, რომლებიც უკრაინისთვის კონკრეტული დახმარების პაკეტებზე მუშაობენ.

„საჭიროა მკაფიო გადაწყვეტილებები. საჰაერო თავდაცვა, ენერგეტიკული მხარდაჭერა და ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვაში დახმარება – ეს არის ის, რაც დღეს რეალურად აძლიერებს უკრაინას და ჩვენს ხალხს გადარჩენაში ეხმარება“, – წერს ზელენსკი.