კაია კალასი: ფხიზლად უნდა ვიყოთ, რადგან დაზვერვის მონაცემებით ვხედავთ, რომ რუსეთი საბოტაჟის აქტებსა და ჩვენს დემოკრატიაზე პირდაპირ თავდასხმებს გეგმავს
საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ევროპა ფხიზლად უნდა იყოს, რადგან დაზვერვის მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი საბოტაჟის აქტებსა და დემოკრატიაზე პირდაპირ თავდასხმებს გეგმავს.
„მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჩვენ გავაკეთეთ ძალიან ბევრი, რათა ვიყოთ მეტად მდგრადები. ვგულისხმობ იმას, რომ წევრი სახელმწიფოები თავიანთი მშპ-ის 2,2%-ს თავდაცვაზე ხარჯავენ. შესაბამისად, ეს არის შემაკავებელი ფაქტორი, მაგრამ ფხიზლად უნდა ვიყოთ, რადგან დაზვერვის მონაცემებით ვხედავთ, რომ რუსეთი საბოტაჟის აქტებსა და ჩვენს დემოკრატიაზე პირდაპირ თავდასხმებს გეგმავს, რათა გახლიჩოს ჩვენი საზოგადოება, დააშინოს, რათა მან უკრაინის დახმარებისგან თავი შეიკავოს“, - განაცხადა კალასმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.
ევროპის პირველი დიპლომატის განცხადებით, ევროპელებს აღნიშნული საფრთხე კარგად უნდა ჰქონდეთ გააზრებული, რათა მას წინ აღუდგნენ.
„ეს არის ის, რასაც ისინი აპირებენ. ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს, რათა წინ აღვუდგეთ ასეთ საფრთხეს. ჩვენ გვყავს დაზვერვა, რომელსაც უკვე შესწევს უნარი რეაგირება მოახდინოს იქამდე, ვიდრე თავდასხმები მოხდება“, - თქვა კალასმა.