ბათუმის შემოვლით გზაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო ღამის საათებში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ბათუმის შემოვლით გზაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო ღამის საათებში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის შემოვლით გზაზე, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი (ასაქცევი)–სარფის საავტომობილო გზის ნაწილია, გვირაბების ელექტრო და მექანიკური სისტემების სამონტაჟო სამუშაოები ჩატარდება.

სამუშაოების უსაფრთხოდ შესრულების მიზნით, 28 სექტემბრიდან ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ ღამის საათებში დროებით შეიზღუდება: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით — 00:00-დან 07:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას — 02:00-დან 07:00 საათამდე.

აღნიშნული რეჟიმი ორი თვის განმავლობაში იმოქმედებს. დღის საათებში ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჩვეული წესით გაგრძელდება.

შეზღუდვის პერიოდში, ფოთი–სარფის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი ბათუმის შემოვლითი გზის 92-ე კმ-ზე არსებული მახინჯაურის სატრანსპორტო კვანძიდან ქალაქ ბათუმის გავლით იმოძრავებს და სენაკი–ფოთი–სარფის საავტომობილო გზას 109-ე კმ-ზე დაუკავშირდება.

სარფი–ფოთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმავე მარშრუტით, საპირისპირო მიმართულებით იმოძრავებს.