ბროწლეთში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროწლეთში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე ადგილზე გაეცნო.
„პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება არსებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა. რეაბილიტაცია უტარდება ჭაბურღილსა და წყლის ავზს, მოეწყობა შიდა წყალმომარაგების ქსელი და დამონტაჟდება ინდივიდუალური გამრიცხველიანების სისტემა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელ ბროწლეთში მცხოვრები დაახლოებით 140 ოჯახი განახლებული და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
სასმელი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, წყალმომარაგების სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები 13 სოფელში მიმდინარეობს. პროექტების დასრულების შემდეგ, 3 400-ზე მეტი აბონენტი განახლებული ინფრასტრუქტურითა და 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
ინფრასტრუქტურის განვითარება და მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.