რომის პაპმა რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ და ომის დასრულების გზები განიხილონ

რომის პაპმა რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ და ომის დასრულების გზები განიხილონ

რომის პაპმა ლეომ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ და ომის დასრულების გზები განიხილონ. აღნიშნული განცხადება პონტიფიკოსმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროპელ ლიდერებს მშვიდობის მისაღწევად დათმობებზე წასვლისკენ მოუწოდა.

პაპმა ასევე გააკრიტიკა მსოფლიო ლიდერები, რომლებიც, მისი თქმით, „ბირთვულ იარაღსა და სულ უფრო დამანგრეველ ომებზე მსჯელობას იწყებენ“.

„ეკლესიას აკისრია პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს ამ ღირებულებების დამკვიდრებას და მუდმივად მოუწოდოს ლიდერებს - როგორც რუსეთისა და უკრაინის, ისე სხვა ქვეყნების - შეიკრიბონ, დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და დაიწყონ დიალოგი“, - განაცხადა რომის პაპმა.

მისი თქმით, ლიდერებმა უნდა „იპოვონ პრობლემების გადაჭრის გზები იმ ომების გაგრძელების გარეშე, რომლებმაც უკვე ყოველგვარი აზრი დაკარგეს“.

„საუბარი არ არის პოლიტიკაზე ან მის არარსებობაზე. საუბარია იმაზე, რომ უნდა ისმოდეს ხმა, რომელიც იცავს ადამიანის ღირსებას, სიცოცხლის ფასს და იმის შესაძლებლობას, რომ მეტი სახსრები დაიხარჯოს ჯანდაცვასა და განათლებაზე და ნაკლები - შეიარაღებაზე“, - გაუსვა ხაზი პონტიფიკოსმა.

ორშაბათს, საფრანგეთის ქალაქ მეცში გამოსვლისას, პაპმა განაცხადა, რომ ევროპა მზად უნდა იყოს გარკვეულ დათმობებზე წასასვლელად მშვიდობის მისაღწევად.

„ჩვენ გვჭირდება, გამოვიჩინოთ სიმამაცე მოლაპარაკებებში და მზად ვიყოთ უარი ვთქვათ გარკვეულ პოზიციებზე მშვიდობის უმაღლესი სიკეთისთვის“, - აღნიშნა მან.

პონტიფიკოსმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა უარყოფითი პოზიცია ევროპის სამხედრო ბიუჯეტების ზრდასთან დაკავშირებით, რომლებმაც გასულ წელს ცივი ომის დასრულების შემდეგ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.